Accessibility links

"წითელი ჯვარი" იემენში მედიკამენტებს გაგზავნის


„საერთაშორისო წითელი ჯვარი“ ორ საგანგებო რეისს განახორციელებს იემენის დედაქალაქ სანააში. ორგანიზაციას ნება დართეს ჩაიტანოს სამედიცინო დახმარება და ჩაიყვანოს ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ქვეყანაში. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შეფასებით, იემენი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. უკვე მე-12 ღამეა საუდის არაბეთის ლიდერობით მიმდინარეობს საჰაერო იერიშები, რომელთა სამიზნე არიან მეამბოხე ჰუთები. ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს იემენის სამხრეთში, ადენის პორტში, სადაც სამთავრობო ძალები ებრძვიან ჰუთებს. გაეროს თანახმად, 500-ზე მეტი ადამიანი დაიხოცა იემენში ბოლო ორი კვირის განმავლობაში. „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ გაგზავნის ერთ სატვირთო თვითმფრინავს - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტებით და ერთ პატარა სამგზავრო თვითმფრინავს, რომლითაც ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ჩავლენ იემენში. წითელი ჯვარი ჯერ კიდევ ელოდება ნებართვას ადენის პორტიდან ქირურგების გუნდის შესაყვანად. „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ სპიკერმა მარი კლერ ფეღალიმ „ბი-ბი-სის“ განუცხადა, რომ ადენში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა: „ადამიანებს არ შეუძლიათ სურსათის ყიდვა. ვიცით, რომ წყლის დეფიციტია, რადგან დაზიანებულია წყალგაყვანილობა. ვცდილობთ გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ ვითარება უკიდურესად რთულია“. ჰუთი მეამბოხეები აცხადებენ, რომ მათი მიზანია პრეზიდენტ ჰადის მთავრობის შეცვლა. „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ 24 საათით ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოდის. რუსეთმა მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს მხარი დაუჭიროს საჰაერო იერიშების „ჰუმანიტარულ პაუზას“.

XS
SM
MD
LG