Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ წაიყვანა პანკისელი მოსწავლეები ომში


დუისი
დუისი

პანკისის ხეობის უხუცესები ხელისუფლებას იმ პირთა გამოვლენისა და დასჯის მოთხოვნით მიმართავენ, რომელთა ხელშეწყობითაც ადგილობრივი ახალგაზრდები სირიაში მიდიან საბრძოლველად. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთის გავლით სირიისკენ გაემგზავრნენ სოფელ დუმასტურის მკვიდრი 18 და 16 წლის ვაჟები. უხუცესები ხელისუფლებას ადანაშაულებენ, ხელისუფლება კი, თავის მხრივ, მესაზღვრის შეცდომაზე ლაპარაკობს. რა პრობლემები იკვეთება პანკისის ხეობაში?

როგორ მოახერხა 16 წლის არასრულწლოვანმა მუსლიმ კუშტანაშვილმა საქართველოს საზღვრის გადალახვა მშობლების ნებართვის გარეშე, თუკი მას ხელისუფლების წარმომადგენლები არ ეხმარებოდნენ? – ეს შეკითხვა ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ დაისვა პანკისის ხეობაში, სადაც განგაშის ზარი კიდევ ერთი ახალგაზრდის – 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის - გამოც შემოჰკრეს. მუსლიმი და რამზანი 2 აპრილს სკოლაში წავიდნენ, სახლში აღარ დაბრუნებულან და ოდნავ მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი საჰაერო ტრანსპორტით გადავიდნენ თურქეთში, საიდანაც გეზი სირიისკენ უნდა აეღოთ.

6 აპრილს კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომლის თქმითაც, ახალგაზრდების დაბრუნების მიზნით მიმდინარეობს მუშაობა თურქეთის სპეცსამსახურებთან და იმედიც არის. „ხშირად იყო შემთხვევები, როცა ჩვენ უკან დავაბრუნეთადამიანები – და არა მხოლოდ არასრულწლოვნები“, – უთხრა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს. რაც შეეხება არასრულწლოვნის მიერ საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთის საკითხს, მინისტრი ამბობს, რომ ყველაფერი მესაზღვრისბრალია:

„მოგეხსენებათ, თურქეთში გასვლა ხდება ID-ბარათებით და არა საზღვარგარეთის პასპორტებით. მისი ვიზუალური შეხედულებით, – ამ ადამიანმა (მესაზღვრემ) როგორც ახსნა, – ის არ ჰგავდა არასრულწლოვანს და მან ეჭვი არ შეიტანა... თუმცა ეს არ ამართლებს, რა თქმა უნდა. მოკვლევა დაიწყო და მოკვლევის შემდეგ დაიდება,ბოლოს რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. საპატიებელი ნამდვილად არ არის...“

შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი აკვირვებს პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელ ხასო ხანგოშვილს, რომელიც 6 აპრილს, სხვა უხუცესებთან ერთად, საგანგებო თათბირზე პანკისისხეობელი ახალგაზრდების სირიაში გადინების პრობლემაზე მსჯელობდა. როგორც ხანგოშვილი აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, თუკი მესაზღვრეს საზღვარზე არასრულწლოვანი გადაეპარა, მაშინ შესაძლებელი ყოფილა, რომ ქვეყანაში ყველანაირი ჯურის ადამიანი შემოიპაროს. უხუცესები ხელისუფლებას შედეგიანი ქმედებისკენ მოუწოდებენ:

„ვთხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხელისუფლებას, მთავრობას, პარლამენტს, გაგვიწიონ დახმარება, მიიღონ სათანადო ზომები... და, როგორც ჩვენს მიმართვაშია ჩადებული, გამოავლინონ ის პირები, რომლებმაც აგიტაცია გაუწიეს (ახალგაზრდებს), დააფინანსეს და საზღვარზე გადაიყვანეს“.

„სახელმწიფო თუ არ დაგვეხმარება, ჩვენ ამ სენს ვერ მოვერევით“ – ესეც ხასო ხანგოშვილის სიტყვებია. უხუცესთა საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი მბობს, რომ პანკისის ხეობაში მოძლიერდნენ რადიკალური ისლამის მიმდევრები და სწორედ ისინი ურევენ ტვინს ადგილობრივ ახალგაზრდებს, რომლებიც ეკონომიკური პრობლემების გამოც მიდიან სირიაში საბრძოლველად. უხუცესის თქმით, ხელისუფლებამ არ შეასრულა დაპირება და არ შემუშავდა პანკისის ხეობის ეკონომიკური განვითარების პროგრამა.

ზუსტად არავინ იცის, თუ რამდენი ახალგაზრდაა წასული საქართველოდან სირიაში ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებად. უხეში გათვლით, ლაპარაკია რამდენიმე ათეულ ადამიანზე. არის მსხვერპლიც და, კერძოდ, დაღუპულთაგან ცხრა ახალგაზრდა კახეთიდან, პანკისის ხეობიდან, იყო, ხოლო ერთი ახალგაზრდა – აჭარის რეგიონიდან.

რადიკალურმა ისლამმა პანკისის ხეობაშიმართლაც ძლიერად რომ მოიკიდა ფეხი, ამას ჩვენთან საუბრისას რეგიონალური განვითარებისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი გობრონიძეც ადასტურებს და, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების მსგავსად, ამ ყველაფერში ისიც სახელმწიფოს წინდაუხედაობის შედეგს ხედავს:

„ახალგაზრდებს არა აქვთ სხვაგან თავიანთი შესაძლებლობების რეალიზების პერსპექტივა თუ საშუალება - თუნდაც რომ დასაქმდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რომ იყოს სხვადასხვა სახის სამოქალაქო, სოციალური აქტივობები, რომ იყოს, ელემენტარულად, სამუშაო ადგილები“.

პრობლემის სიმძიმეს აღიარებენ ხელისუფლებაში, მაგრამ, როგორც, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი აღნიშნავს, ახალგაზრდების სირიაში წაყვანა და ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერ ბრძოლაში ჩართვა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ცივილიზებული მსოფლიოს პრობლემაა. დეპუტატის თქმით, საქართველოს სტრატეგიაც „საერთო კონტექსტში“ უნდა დაიგეგმოს და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. თუმცა გიორგი გობრონიძისთვის ამ ჭრილში სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტიანი მუშაობის ნათელი დასტურია თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი, რომ არასრულწლოვანმა არალეგალურად გადალახა ქვეყნის საზღვარი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG