Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს შეფი აქებს შეთანხმებას ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ


ირანთან მიღწეული ჩარჩო-შეთანხმება შეაქო დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს შეფმა, ჯონ ბრენანმა და „არაგულწრფელი“ უწოდა შეთანხმების შესახებ გამოთქმული კრიტიკის ნაწილს. 7 აპრილს, ჰარვარდის უნივერსიტეტში, საგანგებო გამოსვლის დროს ბრენანმა თქვა, გაკვირვებული ვარ კომპრომისების რაოდენობით, რომლებსაც ირანი დათანხმდა მისი ბირთვული პროგრამის შესახებ მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასთან გამართულ მოლაპარაკებებზეო. ბრენანმა დასძინა, ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ ეს შეთანხმება ირანს გზას უხსნის ატომური ბომბის შექმნისკენ, სრულიად არაგულწრფელია, თუკი ფაქტებს რეალურად იცნობსო. ლოზანაში მიღწეულ შეთანხმებას განსაკუთრებული კრიტიკით შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ - მისი თქმით, შეთანხმების პირობები ისრაელის არსებობას უქმნის საფრთხეს. ირანისა და ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩინეთის, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლებმა 2 აპრილს შვეიცარიაში მიაღწიეს შეთანხმების ჩარჩოს, რომელმაც ირანის ბირთვული პროგრამა უნდა შეზღუდოს, აშშ-ის, გაეროსა და ევროკავშირის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG