Accessibility links

ახალი კანონპროექტი პოლიციელთა სოციალური დაცვის გარანტიებს სამხედროებისას გაუთანაბრებს


საქართველოს მთავრობას მზად აქვს კანონპროექტი, რომლის თანახმად, პოლიციელთა სოციალური დაცვის გარანტიები გაუთანაბრდება სამხედრო პირებისთვის მოქმედ გარანტიებს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ფარისევლობა უწოდა ნაციონალური მოძრაობის მიერ 7 აპრილს გამოთქმულ ინიციატივას, რომ სახელმწიფომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახებისთვის გასცეს 100 ათასი ლარი, როგორც ეს სამხედრო მოსამსახურეების შემთხვევაშია დაკანონებული. ღარიბაშვილის ინფორმაციით, სამხედროთა ოჯახებისთვის ერთჯერადი 100 ათასი ლარის დანიშვნა, რომელსაც უკვე კანონის სახე აქვს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო, ხოლო რაც შეეხება პოლიციელებს, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში წარედგინება. პრემიერის ინფორმაციით, გასული ორი წლის განმავლობაში მთავრობამ პოლიციელებისთვის სხვადასხვა სახის სოციალური დახმარების გასაწევად 7,7 მილიონი ლარი გამოყო და 6,2 მილიონი ლარი დახარჯა პოლიციელებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო მომსახურებისთვის.

XS
SM
MD
LG