Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როჰანი: სანქციები ბირთვული შეთანხმების ამოქმედებისთანავე უნდა მოიხსნას


ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის თანახმად, თეირანს სურს საერთაშორისო სანქციები მოიხსნას იმავე დღეს, როცა ამოქმედდება ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე ორიენტირებული საბოლოო შეთანხმება. „ჩვენ ხელს არ მოვაწერთ არანაირ შეთანხმებას, თუკი მისი ამოქმედების პირველივე დღეს სრულად არ მოიხსნება ყველა ეკონომიკური სანქციაო“, განაცხადა როჰანიმ 9 აპრილს, ბირთვული ტექნოლოგიის დღის აღნიშვნის ცერემონიაზე. მისი თქმით, ირანს სურს ბირთვულ მოლაპარაკებაში ჩართული ყველა მხარე მოგებული დარჩეს. მოლაპარაკებას აწარმოებენ ირანი და აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია. 2 აპრილს მხარეებმა გამოაცხადეს, რომ მიღწეულია შეთანხმების ჩარჩო. საბოლოო შეთანხმების მისაღწევ ვადად 30 ივნისია დაწესებული. ყველა სანქციის დაუყოვნებლივ მოხსნის მოთხოვნამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას, რადგან მოლაპარაკებაში ჩართული სხვა ქვეყნები აცხადებენ, რომ სანქციების მოხსნის პროცესი უნდა წარიმართოს ირანის მხრიდან გადადგმული იმ ნაბიჯების პარალელურად, რომლებიც გააქარწყლებს შიშს, რომ ის ბირთვულ იარაღს ქმნის. აშშ-ს ნათქვამი აქვს, რომ სანქციების მოხსნის პროცესი თანდათან, ეტაპობრივად უნდა წარიმართოს.

XS
SM
MD
LG