Accessibility links

საქართველოში აღნიშნავენ 26-ე წლისთავს თბილისში მომხდარი ტარგედიდან, როცა საბჭოთა არმიის სპეცრაზმელებმა დაარბიეს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია. 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე 21 ადამიანი დაიღუპა. თბილისში, პარლამენტის შენობასთან მდებარე9 აპრილის მემორიალის ყვავილებით შემკობა და დაღუპულთა ხსივნისთვის პატივის მიგება მოქალაქეებმა გვიან ღამიდან დაიწყეს. დღეს დილით მემორიალი გვირგვინით შეამკო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მან აღნიშნა, რომ 1989 წელს პატრიოტების მიერ დაღვრილი სისხლი ორი წლის შემდეგ გამოიხატა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში. „ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანებს, ვინც აქ იცავდა ჩვენ მომავალ სახელმწიფოებრიობას და მადლობას ვუხდით იმ ღვაწლისთვის, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ ქვეყნის პირველმა პრეზიდეტმა ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის აქტი სწორედ ტრაგიკულ მოვლენებს დაუკავშირა, რითიც ხაზი გაუსვა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის რთულ და მნიშვნელოვან გზას.

თბილისში მდებარე 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს საქართველოს მთავრობის წევრებმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა სპეციალური განცხადებაც, რომელშიც 1989 წლის 9 აპრილს უწოდა უმძიმესი დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში და იმავდროულად, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო. „ამ დღეს მშვიდობიანმა, მაგრამ თავგანწირულმა ბრძოლამ ყველა თაობა გააერთიანა და დაღვრილი სისხლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა მორალური გამარჯვება მოიპოვა” - ნათქვამია განცხადებაში. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ვერაფერმა შეაჩერა და ტრაგედიიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ საქართველომ მისი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა. „კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე. მათი სახელები ჩვენთვის მუდამ დარჩება თავისუფლებისათვის ბრძოლის, სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვის მაგალითად" - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG