Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნესტი: მოვიპოვეთ ახალი მტკიცებულება უკრაინელი სეპარატისტების მიერ ჩადენილ მკვლელობებზე


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეიშენალი აცხადებს, რომ მოიპოვა ახალი მტკიცებულება აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ სიკვდილით დასჯის სტილში ჩადენილი მკვლელობების შესახებ.ლონდონში განთავსებულმა ორგანიზაციამ 9 აპრილს განაცხადა, რომ აქვს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს არმიის ტყვედ ჩავარდნილ სამ სამხედროს, მოგვიანებით კი მორგში მათი გვამებია ნაჩვენები, ნატყვიარებით თავში და სხეულის ზედა ნაწილში. ორგანიზაციას მოაქვს თვითმხილველის სიტყვები, რომ კიდევ ერთი სამხედრო სეპარატისტთა მეთაურმა დახვრიტა. ამნესტის ევროპისა და შუა აზიის ქვეყნების პროგრამების დირექტორი, დენის კრივოშეევი ამბობს, რომ დატყვევებული, დანებებული ან დაჭრილი სამხედროების წამება, სასტიკი მოპყრობა ან მკვლელობა ომის დანაშაულებს წარმოადგენს. მისი თქმით, ეს ცნობები „სწრაფად, სრულად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ და დანაშაულთა ჩამდენები აღიარებული ინსტიტუტების მიერ, სამართლიანად უნდა გასამართლდნენ.“ ამ განცხადებების ფონია მეამბოხეთა ერთ-ერთი მეთაურის მიერ გაზეთ კიევ პოსტისთვის ნათქვამი სიტყვები, რომ მან დახოცა 15 ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედრო. უკრაინაში, სამთავრობო ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის კონფლიქტს 6000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. უფლებადამცველი ჯგუფები ორივე მხარეს სდებენ ბრალს დანაშაულების ჩადენაში.

XS
SM
MD
LG