Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ღვინის ექსპორტი 67 პროცენტით შემცირდა


კომპანია ”შუხმან ვაინს ჯორჯიის” მარანი
კომპანია ”შუხმან ვაინს ჯორჯიის” მარანი

ქართული ღვინის ექსპორტი 2015 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდა. იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5 მილიონ ბოთლზე ოდნავ მეტი, რაც 67%-ით ნაკლებია, 2014 წლის პირველი კვარტალის მონაცემებთან შედარებით. რამ გამოიწვია ღვინის ექპორტის ასეთი კლება?

საქართველოს ღვინის აღმავალმა ექსპორტმა შემცირება იწყო. ღვინის ეროვნულ სააგენტოში ექსპორტის კლებას, უმთავრესად, ქართული ღვინის ორ ძირითად ბაზარზე - რუსეთსა და უკრაინაში - მოთხოვნის შემცირებით ხსნიან. რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისა და მისი ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო იქ ქართული ღვინის ექსპორტი 83%-ით შემცირდა, უკრაინაში კი - 63%-ით. სამაგიეროდ, იზრდება ექსპორტის მოცულობა სხვა ქვეყნებში, მაგრამ მათი წილი იმდენად მცირეა, რომ ექსპორტის საერთო მოცულობა მაინც კლებას განიცდის. მიუხედავად ამისა, ოპტიმისტურად არის განწყობილი ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი:

„ბოლო 20 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყოველ წელს - თუ არ ჩავთვლით რუსეთის ემბარგოს 2006 წელს - არის ყოველწლიური მატება. შემდეგ ისევ ზრდა დაიწყო. 2014 წელს იყო პიკი ბოლო 20 წელიწადში. ყველაზე დიდი რაოდენობის ექსპორტი 2014 წელს განხორციელდა რაოდენობრივადაც და თანხობრივადაც. ჩვენ ველოდებოდით, რომ 2014 წელს კლება იქნებოდა რუბლის დევალვაციის გამო, თუმცა გაგვიკვირდა, რომ დიდი მატება იყო. წინასწარ ვიცოდით, რომ 2015 წელს ისე აღარ იქნებოდა, როგორც იყო 2014-ში“.

ახლა გამოსავალი ის არის, რომ უნდა გადავჯგუფდეთ იმ ბაზრებზე, რომლებიც ჩაანაცვლებს რუსეთისა და უკრაინის ბაზარს. ევროკავშირის ბაზარზე გადანაცვლება იქნება მიზანშეწონილი და აღმოსავლეთის ბაზარზეც...
მიხეილ დონდუა

გიორგი სამანიშვილის განცხადებით, რუსეთში, რომელიც ქართული ღვინის ექსპორტის 64 პროცენტის მიმღებია, შემცირება რუბლის დევალვაციამ გამოიწვია, რაც განპირობებულია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტით. ამავე მიზეზით შემცირდა ქართული ღვინის ექსპორტი უკრაინაშიც. ღვინის ექსპორტის ტენდენციებზე ლაპარაკობს კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიის“ გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი:

„მეღვინეობა გაიზარდა, გაიზარდა მოცულობა. რუსეთის ბაზარზე შესვლისას ქართველი მწარმოებელი არ იყო მზად დიდი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის და ბევრს მოუხდა წარმოების გადაიარაღება, მათ შორის, ჩვენც. ჩვენ გავიზარდეთ. დაახლოებით 1.5 მილიონ ბოთლს ვაწარმოებთ ამ ეტაპზე და ვფიქრობთ, ამ ეტაპზე გავჩერდეთ, შევინარჩუნოთ ამ მოცულობის წარმოება, რათა რუსეთი ჩავანაცვლოთ სხვა ბაზრებით“.

საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლები 2014 წ.
საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლები 2014 წ.

ნუცა აბრამიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რამდენიმე თვის წინ რუსეთში ღვინის ექსპორტის პრობლემებზე ალაპარაკდა, თუმცა ახლა აცხადებს, რომ სიტუაცია თანდათან სტაბილური ხდება, რადგან რუსეთმა შესყიდვები განაახლა. ექსპორტის დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ „დოქტრინის" ხელმძღვანელი მიხეილ დონდუა. მისმა ორგანიზაციამ ღვინის ექსპორტის კვლევა ჩაატარა და გარკვეული რეკომენდაციები მოამზადა:

„ახლა გამოსავალი ის არის, რომ უნდა გადავჯგუფდეთ იმ ბაზრებზე, რომლებიც ჩაანაცვლებს რუსეთისა და უკრაინის ბაზარს. ევროკავშირის ბაზარზე გადანაცვლება იქნება მიზანშეწონილი და აღმოსავლეთის ბაზარზეც. ქართულ ღვინოს აქვს ის პოტენციალი, რომ აქცენტი გააკეთოს ხარისხზე, ევროპულ გემოვნებაზე და ევროპელებს შესთავაზოს ევროპისთვის უფრო მისაღები ღვინოები“.

გიორგი სამანიშვილი
გიორგი სამანიშვილი

ევროპისა და აზიის ბაზრის უფრო მეტად ათვისების მნიშვნელობას აღიარებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილიც, მაგრამ ღვინის ექსპორტის მოცულობაში სანამ ახალი ბაზრები რუსეთის წილის 64 პროცენტის ჩანაცვლებას შეძლებენ, მოსალოდნელია მოთხოვნისა და ფასის შემცირება ყურძენზე:

„შეიძლება ვივარაუდოთ, რთველი წინ არის, მაგრამ დაახლოებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოთხოვნა ისეთი არ იქნება, როგორიც შარშან იყო. ანუ ფასზე ეს, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს. ეს ეკონომიკის წესებიდან გამომდინარეობს“.

გიორგი სამანიშვილის მიერ ნავარაუდევი ფასის ცვლილება ეკონომიკურთან ერთად უფრო მეტად სოციალურ დატვირთვასაც ატარებს, რადგან მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსახლეობის ფართო ფენების შემოსავლები.

ფიქრობენ, რომ სიტუაცია მეტ-ნაკლებად მეორე კვარტალში დასტაბილურდება, მაგრამ შარშანდელ მაჩვენებლებზე გასვლას წელს არ ვარაუდობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG