Accessibility links

Blackwater-ის თანამშრომლებს მიუსაჯეს ხანგრძლივი პატიმრობა


ორშაბათს ვაშინგტონის სასამართლომ ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა დაცვის კერძო სამსახურის Blackwater-ის ოთხ თანამშრომელს, რომლებიც დამნაშავეებად სცნეს 2007 წელს ერაყში ჩადენილ მასობრივ მკვლელობაში. ეს კომპანია აშშ-ის სამხედრო ადმინისტრაციის კონტრაქტორი იყო. საბრალდებო დასკვნიდან სასჯელის ზომების გამოცხადებამდე ნახევარი წელი გავიდა. ერთ-ერთ ბრალდებულს - ნიკოლას სლატენს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, დანარჩენ სამს - პოლ სლოუს, ევან ლიბერტისა და დასტინ ჰერდს - 30-30 წლით პატიმრობა. ბაღდადის ცენტრში 2007 წლის 16 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის შედეგად 14 ერაყელი დაიღუპა და 17 დაიჭრა. დაცვის წევრებმა, რომლებიც ავტომობილების კოლონას აცილებდნენ, ბაღდადის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე ცეცხლი გახსნეს. გამოძიების ფედერალური ბიუროს გამომძიებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ 14 ადამიანის სიკვდილში დამნაშავეები იყვნენ დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც ავტომატური იარაღისა და ყუმბარმტყორცნების გამოყენებით გადააჭარბეს აუცილებელი მოგერიების ზღვარს. ბრალდების მხარემ ერაყიდან გამოიძახა დაახლოებით 30 მოწმე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ Blackwater-ის თანამშრომლები ერაყელებს არ გამოუწვევიათ და რომ ისინი დაუმიზნებლად ესროდნენ ადამიანებს, ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს. დაცვის მხარე შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ავტოკორტეჟის მიმართულებით ხალხის მასიდან ცეცხლი გახსნეს და რომ მოწმეების ჩვენებები შეთითხნილი იყო.

XS
SM
MD
LG