Accessibility links

logo-print

პოლონეთი, დანია და შვედეთი მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდებიან საქართველოს


პოლონეთი, დანია და შვედეთი მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდებიან საქართველოს ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე. ამის შესახებ განცხადებები გაკეთდა თბილისში ევროკავშირის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების, გჟეგოჟ სხეტინას, მარტინ ლიდეგორდისა და მარგოტ ვალსტრომის ვიზიტის დროს. მინისტრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს ხელისუფლების, ისევე როგორც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ქართველ კოლეგასთან, თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრაზე პოლონეთის, დანიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესასრულებლად შემდგომი თანამშრომლობის, რეფორმების მხარდაჭერის და რიგის სამიტისთვის მზადების საკითხები. იუწყებიან ასევე, რომ საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თამარ ბერუჩაშვილმა და გრჟეგოჟ სხეტინამ ხელი მოაწერს „თბილისის დეკლარაციის“ დამფუძნებელ მემორანდუმს. დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების პროცესში პოლონეთის როლის ამაღლებას და გამოცდილების გაზიარებას.

XS
SM
MD
LG