Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში, ჯალალაბადში მოწყობილ აფეთქებას სულ მცირე, 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჯალალაბადში. როგორც იტყობინებიან, შაბათს მოიერიშემ თავი აიფეთქა ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქის ხალხმრავალ რაიონში. ავღანური მედიის თანახმად, პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელმა. პოლიციის ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა სამოქალაქო პირები იყვნენ, თუმცა მსხვერპლთა შორის შესაძლოა, პოლიციელებიც იყონ. მიმდინარეობს ინციდენტის გარემოებათა გამოძიება და მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთის პროვინცია ღაზნიში უცნობმა თავდამსხმელებმა თავები მოჰკვეთეს ჰაზარების ეთნიკური უმცირესობის ოთხ წარმომადგენელს. ოთხი მამაკაცი გასულ კვირაში გაიტაცეს.

XS
SM
MD
LG