Accessibility links

logo-print

მოგერინი ევროკავშირს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ იმოქმედოს“ მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირს აქვს „მორალური ვალდებულება“, არ დაუშვას ტრაგედიები, რომლებიც ხდება მიგრანტების მცდელობისას, ხმელთაშუა ზღვა გადაკვეთონ ევროპაში მოსახვედრად. მოგერინიმ ეს განცხადება გააკეთა ლუქსემბურგში, სადაც იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიგრანტთა კრიზისის განსახილველად. შეხვედრას წინ უსწრებდა ცნობა, რომ 18-19 აპრილის ღამეს, სავარაუდოდ, 700-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან, მათი გემის ჩაძირვის შედეგად. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, საქმე ეხება ყველაზე მრავალრიცხოვან მსხვერპლს ხმელთაშუა ზღვაში ასეთი ინციდენტებისას. ლუქსემბურგში დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე, იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, რომ საჭიროა მეტი რესურსი უკანონო მიგრანტების გემების აღმოსაჩენად და სამაშველო ოპერაციებისათვის: „უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ ვდგავართ საგანგებო მდგომარეობის წინაშე, რომელიც მთელს ევროპას ეხება - ის არ ეხება მხოლოდ იტალიას. ეს ნიშნავს, რომ ევროპის კავშირმა, ჩემი აზრით, პირველ რიგში მხარი უნდა დაუჭიროს ზომებსა და ინიციატივებს ტრეფიკერებისა და კრიმინალური ელემენტების წინააღმდეგ, რომლებიც ეწევიან ადამიანების ტრეფიკინგის ორგანიზებას“. მიმდინარე წელს ევროპამდე მიაღწია 35 ათასამდე თავშესაფრის მაძიებელმა და მიგრანტმა. ცნობების თანახმად, ევროპის ქვეყნებამდე მიღწევის მცდელობისას გზაში დაიღუპა 900-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG