Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მთავრობის ეკონომიკური განვითარების გეგმა


გადამხმარი საძოვრები, მოუვლელი მიწის ნაკვეთები და ბიუროკრატიული მექანიზმები, მწირ ფინანსებთან ერთად, ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი ბიზნესმენისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. გიგო მელიქიძე მრავალი წელია ვაშლის ბაღს უვლის. თუ სახელმწიფომ ხელი შეუწყო, ბაღის გაფართოებას აპირებს.

გიგო მელიქიძემ საკუთარი ხედვა თავისი ვაშლის ბაღის გაფართოების შესახებ პრემიერს ახალციხეში ვიზიტისას წარუდგინა - მაშინ, როცა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების გაცნობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალციხიდან დაიწყო. მეწარმეობა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი – ეს ის სამი ძირითადი მიმართულებაა, რომელთა გაძლიერებაც მიაჩნია საქართველოს პრემიერ- მინისტრს აუცილებელ პირობად სამცხე-ჯავახეთის გასავითარებლად. ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები 15 მარტს ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებსა და ბიზნესმენებს გააცნო. პრემიერმა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთი მდიდარია ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით, რასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური განვითარების გეგმის წარდგენა სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ბიზნესმენებიც იმყოფებოდნენ. ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლების თქმით, მათ კითხვები ძირითადად კომუნიკაციის პრობლემებთან დაკავშირებით ჰქონდათ. ადგილობრივი ბიზნესმენი გიორგი ნათენაძე პრემიერის მიერ წარმოდგენილი რეგიონის განვითარების გეგმას აფასებს.

ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად, ადგილობრივ თვითმმართველობათა ხელმძღვანელ პირებსა და ბიზნესმენებსაც შეხვდა. პრემიერმა მათ ის მიმართულებები გააცნო, რომელთა მიხედვითაც რეგიონის განვითარება იგეგმება. გამართულ შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა აღნიშნეს, რომ რეგიონის განვითარების ხელშესაწყობად სახელმწიფო მეწარმეების თანადაფინანსებასა და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა განაცხადა, მოხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები, უზრუნველყოფილი იქნება ასევე წვდომა ბუნებრივ რესურსებზე.

ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, შეხვედრაზე გამოიკვეთა იმ მეწარმეებისა და ფერმერების საკითხი, რომელთაც განვითარებისთვის სახელმწიფოსგან დახმარება სჭირდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG