Accessibility links

logo-print

გერმანიის მთავრობა ემხრობა „გენოციდი“ ეწოდოს სომეხთა ხოცვა-ჟლეტას


გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ მხარს უჭერს საპარლამენტო რეზოლუციას, რომელიც „გენოციდს“ უწოდებს პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიის ძალების მიერ 1.5 მილიონი სომხის დახოცვას. კანცლერ ანგელა მერკელის პრესმდივნის, შტეფენ ზაიბერტის განცხადებით, რეზოლუციას პარლამენტი 24 აპრილს განიხილავს. ეს განცხადება წარმოადგენს მნიშვნელოვან ცვლილებას ბერლინის პოზიციაში და, როგორც მოსალოდნელია, მას დაგმობს თურქეთი - რომლისთვისაც გერმანია მთავარი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირში. ამასთან, გერმანიაში თურქული წარმოშობის დაახლოებით 3.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თუ პარლამენტი რეზოლუციას დაამტკიცებს, გერმანია შეუერთდება საფრანგეთს და კიდევ 22 ქვეყანას, რომლებიც სომეხთა გაჟლეტას გენოციდად აღიარებენ. თურქეთი აცხადებს, რომ ოსმალეთის იმპერიის ოფიციალურ პირებს არ უწარმოებიათ ორგანიზებული კამპანია სომეხთა გაჟლეტის მიზნით. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ რეალურად გაცილებით ნაკლები ადამიანი დაიხოცა, ვიდრე ცხადდება. გასულ კვირაში რომის პაპმა ფრანცისკემ და ევროპის პარლამენტმა უწოდეს მკვლელობებს გენოციდი. ამ ნაბიჯებს მკაცრი კრიტიკით გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი.

XS
SM
MD
LG