Accessibility links

logo-print

პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა ვენები გადაიჭრა


რუსეთში პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა ოპოზიციის აქტივისტმა, რომელსაც პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ოთხნახევარი წლით აქვს მისჯილი პატიმრობა. სერგეი მოხნატკინს დეკემბერში გამოუტანეს განაჩენი, მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ სცნეს ორ პოლიციელზე იერიშის მიტანაში 2013 წლის 31 დეკემბერს, საპროტესტო აქციის დროს. 3 აპრილს მისი განაჩენი ძალაში დატოვა მოსკოვის საქალაქო სასამართლომ. მოხნატკინის ადვოკატმა, დენის ლევინმა - რომელმაც მისი კლიენტი მოსკოვის ციხეში 20 აპრილს მოინახულა - უფლებადამცველ ორგანიზაციას შეატყობინა, რომ მოხნატკინმა 17 აპრილს გადაიჭრა ვენები, მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ მოსკოვის გარეთ მდებარე კოლონიაში გადაიყვანენ. ამასთან, მოხნატკინი პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ადვოკატის თქმით, ის ამჟამად საპატიმროს სამედიცინო განყოფილებაში იმყოფება, სადაც მას მკურნალობენ. ფართო საზოგადოებამ მოხნატკინი პირველად 2009 წელს გაიცნო, როცა მას ორნახევარი წლით მიუსაჯეს პატიმრობა პოლიციელზე თავდასხმისთვის, სხვა საპროტესტო აქციის დროს. ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა 2012 წლის აპრილში შეიწყალა.

XS
SM
MD
LG