Accessibility links

აშშ და უკრაინა მართავენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს დასავლეთ უკრაინაში


შეერთებული შტატებისა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებმა დაიწყეს ერთობლივი წვრთნები დასავლეთ უკრაინაში, რათა გააძლიერონ უკრაინის ჯარები, რომლებიც აღმოსავლეთში ებრძვიან რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს. 20 აპრილს სამხედრო წვრთნების დაწყების ცერემონიაზე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები საფუძვლიან გარდაქმნას საჭიროებენ უცხოეთიდან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად. აშშ-ის არმიამ გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ 300 ამერიკელი მედესანტე გაწვრთნის უკრაინის ეროვნული გვარდიის 900-ს რეზერვისტს. ეროვნული გვარდია თავს უყრის მოხალისეებსა და უკრაინის მთავრობის მომხრე შეიარაღებულ პირებს. სამხედრო მანევრები ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების ადგილიდან 1000-მდე კილომეტრში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრიტიკებს წვრთნებს, რომლებიც, მისი შეფასებით, დესტაბილიზაციით ემუქრება მყიფე სამშვიდობო პროცესს აღმოსავლეთ უკრაინაში და არის „პირველი ნაბიჯი“ უკრაინისათვის აშშ-ის იარაღის მიწოდების გზაზე. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ამ დრომდე თავს იკავებს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებისგან, მაგრამ კიევი უკვე მოამარაგა 75 მილიონი დოლარის ღირებულების არალეტალური აღჭურვილობით.

XS
SM
MD
LG