Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია "გაზპრომს" ოფიციალურად წაუყენებს ბრალდებებს


22 აპრილს ბრიუსელში ევროკომისია ოფიციალურად წარუდგენს პრეტენზიებს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ პატიოსანი კონკურენციის წესების დარღვევის გამო. „გაზპრომის“ მუშაობის საექსპერტო მოკვლევა ევროკომისიამ 2012 წელს დაიწყო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საჩივრის საფუძველზე. ეს იყო ექვსი ქვეყანა - ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი - რომელიც სრულად არის დამოკიდებული რუსეთიდან ბუნებრივი აირით მომარაგებაზე. ეს ქვეყნები „გაზპრომს“ ფასების ხელოვნურად აწევაში სდებენ ბრალს. თუკი ევროკავშირი გადაწყვეტს, „გაზპრომთან“ დაპირისპირება სასამართლომდე მიიტანოს, რუსეთის სახელმწიფო გიგანტს ეს, შეიძლება, 10 მილიარდი ევრო დაუჯდეს, რაც იქნებოდა ყველაზე დიდი ჯარიმა ევროკომისიის ანტიმონოპოლური სამსახურების პრაქტიკაში. სამი წლის განმავლობაში ბრიუსელი სწავლობდა სამი ძირითადი ბრალდების გარემოებებს. ერთი - რომ "გაზპრომი" ზოგიერთ ქვეყანას უკრძალავს შეძენილი ბუნებრივი აირის რეექსპორტს, მეორე - ბუნებრივი აირის ფასი მიბმული აქვს ნავთობის ფასთან და ზღუდავს კონკურენტების მიწოდების წყაროებს. მოელიან, რომ ევროკავშირი „გაზპრომს“ დაადანაშაულებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე კონკურენციისთვის ხელის შეშლაში. „გაზპრომს“ ექნება 12 კვირა ბრალდებების საპასუხოდ და ის, სავარაუდოდ, შეეცდება ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებით მოაგვაროს პრობლემა. ევროკომისიას შეუძლია დააკისროს „გაზპრომს“ მთლიანი გაყიდვების 10%-ის გადახდა, ან აიძულოს ის, შეცვალოს ბიზნესის წარმოების წესი. ევროკავშირისთვის საჭირო ბუნებრივი აირის მესამედს რუსეთი უზრუნველყოფს და გაზის მოცულობის ნახევარი უკრაინის გავლით მიდის ევროკავშირამდე.​

XS
SM
MD
LG