Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა არ გამოიყენებს სიტყვა "გენოციდს"


თეთრი სახლი აცხადებს, რომ არ იხმარს სიტყვა „გენოციდს“ ოსმალეთის იმპერიაში ეთნიკური სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის აღსაწერად. ეს ინფორმაცია გავრცელდა ორი დღით ადრე ტრაგიკული მოვლენების ასი წლისთავის აღნიშვნამდე. თეთრი სახლის ინფორმაციით, 21 აპრილს თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი დენის მაკდონოუ და ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის მოადგილე ბენ როდესი შეხვდნენ ამერიკელი სომხების ლიდერებს და „იმსჯელეს იმ საშინელ დროში განადგურებული 1,5 მილიონი ადამიანის ხსოვნისადმი პატივის მისაგები ღონისძიების მნიშვნელობაზე“. თეთრი სახლის განცხადებაში არ იყო გამოყენებული სიტყვა „გენოციდი“. „ამერიკის სომეხთა ეროვნული კომიტეტის“ აღმასრულებელი დირექტორის არამ ჰამპარიანის თანახმად, მას და შეხვედრის სხვა მონაწილეებს აცნობეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა არ აპირებს, გამოიყენოს სიტყვა „გენოციდი“ 24 აპრილს ტრაგედიის ასი წლისთავისადმი მიძღვნილ გამოსვლაში. „აღშფოთებულები ვართ“, - უთხრა არამ ჰამპარიანმა „რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას“. „რაც გავაკეთეთ, არსებითად ის არის, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა სომეხთა გენოციდის მიმართ დავიყვანეთ რეჯეპ ტაიპ ერდოანამდე, თურქეთის პრეზიდენტამდე. ჩვენ მას ნება მივეცით, გვიკარნახოს, რა ვთქვათ და რა - არა ადამიანის უფლებათა ამ საკითხზე“ - განაცხადა ჰამპარიანმა. 2008 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს, იმ დროს ჯერ კიდევ სენატორმა ობამამ განაცხადა, რომ აღიარებდა „სომეხთა გენოციდს“. არაერთი სახელმწიფო და ისტორიკოსი "გენოციდად" აფასებს ასი წლის წინ ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონი სომხის დახოცვას. თურქეთი უარს აცხადებს ამგვარ შეფასებაზე და ირწმუნება, რომ სომეხთა შორის მსხვერპლი გაცილებით მცირე იყო, ვიდრე სახელდება და რომ მსხვერპლის უმრავლესობა გამოიწვია სამოქალაქო დაპირისპირებამ და არა თურქეთის ხელისუფლების მცდელობამ - გაენადგურებინა ქრისტიანი უმცირესობა.

XS
SM
MD
LG