Accessibility links

საფრანგეთი ფულს დაუბრუნებს რუსეთს, თუ უარს ეტყვის „მისტრალზე“


საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, საფრანგეთი ფულს დაუბრუნებს რუსეთს, რომელიც მან გადაიხადა „მისტრალის“ ტიპის ორი სამხედრო ხომალდის შეკვეთისას, თუ რუსეთს არ გადასცემენ ხომალდებს უკრაინის კონფლიქტში მისი როლის გამო. ოლანდმა პარიზში უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ „მისტრალის“ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრება 24 აპრილს, ორივე ლიდერის სომხეთში ვიზიტის დროს. „მისტრალზე“ შეთანხმება 1,3 მილიარდ დოლარად ფასდება. საფრანგეთმა გადადო მოსკოვისათვის პირველი სამხედრო ხომალდის შარშან, შემოდგომაზე გადაცემა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. გასულ კვირაში პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი საფრანგეთისაგან მოელის კომპენსაციას, თუ პარიზი საბოლოოდ იტყვის უარს „მისტრალის“ გადაცემაზე. თითოეული "მისტრალი" იტევს 16 ვერტმფრენს, 13 ტანკსა და 400-ზე მეტ ჯარისკაცს. ოლანდი და პუტინი ერევანში ჩადიან ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გაჟლეტის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით. მათი ქვეყნები, საფრანგეთი და რუსეთი, გენოციდად აღიარებენ 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვას.

XS
SM
MD
LG