Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი არ შეუშვებს "ღამის მგლებს" თავის ტერიტორიაზე


პოლონეთი აცხადებს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შეუშვებს რუსი მოტოციკლეტისტების დიდ ჯგუფს, რომელიც აპირებს მოსკოვიდან ბერლინში ჩასვლას მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით. პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებით, მან ვარშავაში რუსეთის საელჩოს შეატყობინა, რომ პოლონეთში შეშვებაზე უარს ეუბნება მოტოციკლეტისტებს, რომელთა შორისაც არიან რუსეთის პრეზიდენტის მხარდამჭერი ჯგუფის, „ღამის მგლების“ წევრები. „ღამის მგლები“ კრემლთან ერთად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერითაც სარგებლობენ და სურთ ბელორუსიის, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის და ავსტრიის გავლით, 9 მაისს ჩავიდნენ ბერლინში. მაგრამ გეგმამ პროტესტი გამოიწვია პოლონეთში. 1939 წლის სექტემბერში ამ ქვეყანაში როგორც ნაცისტური გერმანია, ისე საბჭოთა კავშირი შეიჭრნენ საიდუმლო გარიგების, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საფუძველზე. შეერთებულმა შტატებმა შარშან დეკემბერში სანქციები დაუწესა „ღამის მგლებს“ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯგუფის წევრები უკრაინაში შეიარაღებული სეპარატისტების რიგებში იბრძოდნენ. აშშ-გან განსხვავებით, ევროკავშირს მათთვის არ დაუწესებია სანქციები.

XS
SM
MD
LG