Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო


საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. მან სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიზეზად ის დაასახელა, რომ არ სურს პოლიტიკური დაპირისპირება გამწვავდეს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტთან. ლევან ყიფიანმა აღნიშნა, რომ განსხვავებით ამ კომიტეტის წევრებისგან, პირად ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოებრივ ინტერესებს აყენებს. „ჩვენ ბევრი დანაპირები შევასრულეთ, მაგრამ ის, რაც ბოლო თვეებში ხდებოდა, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ამ ადამიანებმა სინდისს და ნამუსს გადააბიჯეს“ - განაცხადა ლევან ყიფიანმა. მან საპარლამენტო კომიტეტის წევრებს მიმართა, სახელმწიფოს სახელით პროვოკაციაზე ნუ წავლენ და ქართველ ხალხს მისცენ ის, რასაც დაჰპირდნენ. ლევან ყიფიანის თქმით, მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზია ის, რომ პრობლემა არ გამწვავდეს და ზღვარს არ გასცდეს. თუმცა, მისი შეფასებით, ვითარება ზღვარს უკვე გადასულია. ლევან ყიფიანის განცხადებით, ის დღეს თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ წერილობით მიმართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ლევან ყიფიანმა მომავალ მინისტრს მოუწოდა, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო ხანს არჩეული კურსი განაგრძოს და არ დაუშვას დაბრუნება იმ დროში, რომელზეც დღევანდელმა მმართველმა გუნდმა თქვა უარი. ლევან ყიფიანი მინისტრთა კაბინეტის მეშვიდე წევრია, რომელიც პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ბოლო პროცედურის შემდეგ შეიცვლება, თუკი მის განცხადებას პრემიერ-მინისტრი დააკმაყოფილებს. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარუდგინოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა.

XS
SM
MD
LG