Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობაში შეიცვალა მეშვიდე მინისტრი, ანუ მთავრობის ერთი მესამედი, რის შემდეგაც, საქართველოს კონსტიტუციით, დგება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების საკითხი. პრემიერმა ამ საკითხზე ისაუბრა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც მოჰყვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის გადადგომას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „სახეზეა სავსებით ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი“. „ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი. ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესების გათვალისწინებით, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ აქვს საერთო პოლიტიკური მიზნები და სწორედ ეს იდეა გვაერთიანებს ჩვენ ყველას ერთად. მე გეტყვით, რომ პარლამენტს მე წარვუდგენ მთავრობის განახლებულ შეამდგენლობას,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 29 აპრილს, სპორტის მინისტრის, ლევან ყიფიანის გადადგომის შემდეგ. ყიფიანმა გადადგომის მიზეზად დაასახელა, რომ არ სურს პოლიტიკური დაპირისპირება გამწვავდეს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტთან.

XS
SM
MD
LG