Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფლიქტის მოგვარება, დევნილთა განსახლება და რეფორმები - უკრაინის გამოწვევები


კიევი
კიევი

იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლება, დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელება - ეს არის ის ძირითადი სამი გამოწვევა, რომელიც უკრაინის წინაშე დგას. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის მსხვერპლთა რაოდენობა 6 000 კაცს უახლოვდება. ყირიმიდან და დონეცკის ოლქიდან მილიონ ორასი ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. დაინგრა უამრავი შენობა-ნაგებობა.

„უკრაინა - დიალოგის გზით კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში“ - ასე ჰქვია „კავკასიური სახლისა“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, ქართველი და უკრაინელი ექსპერტების მონაწილეობით, საჯარო დისკუსიები იმართება. კიევში გამართული დისკუსიის თემები იყო: საქართველოს რეფორმების გამოცდილება უკრაინისთვის, სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, პრობლემის მოგვარება იზოლაციისა თუ ჩართულობის გზით, ეკონომიკური რეფორმები უკრაინაში და საქართველოს გამოცდილება. უკრაინული ორგანიზაცია „სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარის მარინა ვოროტნიკის თქმით, ანექსიის შემდეგ ყირიმში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა, უკრაინამ კი ამ რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავება ვერ მოახერხა. სიღრმისეულად არ ფასდება ის საფრთხეები, რომლებიც ყირიმიდან დანარჩენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით ემუქრება. ვოროტნიკი ამბობს, რომ უკრაინის მთავრობის მიერ ყირიმის ბლოკადა და იზოლაცია შედეგის მომტანი ვერ იქნება. მისი აზრით, ჩართულობისა და რეინტეგრაციის პოლიტიკა კონფლიქტის მოგვარების მეტ შანსს იძლევა.

ქალაქი ლვოვი
ქალაქი ლვოვი

უკრაინის „დემოკრატიული ინიციატივების ფონდის“ ანალიტიკოსმა მარია ზოლკინამ დონბასში მიმდინარე კონფლიქტის ცხელ ფაზაზე ისაუბრა, შეეხო იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებს. მისი აზრით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სეპარატიზმი გარედან იქნა წახალისებული, ამიტომ რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში მან მხარდაჭერა ვერ პოვა. მისი აზრით, უკრაინამ ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებს სრულფასოვანი თვითმმართველობა უნდა შესთავაზოს და აქტიურად გამოიყენოს საინფორმაციო კომპონენტი. მან გულისტკივილით აღნიშნა, რომ სეპარატისტებისგან გათავისუფლებულ ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში უკრაინული სატელევიზიო არხების მაუწყებლობა დღემდე ვერ ვრცელდება და ადგილობრივი მოსახლეობა რუსული პროპაგანდის ამარად არის დარჩენილი. ზოლკინა მინსკის სამშვიდობო შეთანხმებასაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი პრობლემებს ბოლომდე ვერ ხსნის და მას მხოლოდ შუალედური შეთანხმების ფუნქცია აკისრია.

„კავკასიური სახლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კანაშვილმა საქართველოსა და უკრაინაში არსებულ პრობლემებს შორის მსგავსებებსა და განსხვავებებზე ისაუბრა. მისი აზრით, მთავარი მსგავსება ისაა, რომ ორივე შემთხვევაში რუსეთმა კონფლიქტის გაჩაღება თავის საზღვრებთან ახლოს მდებარე რეგიონებში მოახერხა და აქ საკუთარი შეიარაღებული ძალები ჩართო. გარდა ამისა, ორივე შემთხვევაში რუსეთის მიზანი როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ევროატლანტიკური კურსის შეცვლა იყო, მთავარი განსხვავება კი დროსა და ეთნოპოლიტიკურ შემადგენლობაშია. მისი აზრით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში პრორუსული განწყობა უფრო დიდი მასშტაბისაა, რაც საქართველოში თითქმის არ შეინიშნება. კანაშვილის აზრით, მართალია, უკრაინაში საექსპერტო საზოგადოებაც ორად იყოფა, მაგრამ უკვე დაწყებულია დისკუსია პრობლემების სამშვიდობო-ჰუმანიტარული გზით მოგვარების შესახებ.

საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის პოლიტოლოგი ანატოლი აქტისიუკი მიიჩნევს, რომ რეფორმების ტემპი ჩქარი არ არის, მაგრამ, მისი დაკვირვებით, უკრაინის მთავრობა უფრო გახსნილი და გამჭვირვალე გახდა. რეფორმის პირველი შედეგი კი ის არის, რომ კიეველი პოლიციელები ქრთამის აღებაზე უკვე უარს ამბობენ, თუმცა ეს უკრაინის სხვა ქალაქებში ჯერ არ ხდება.

უკრაინის სხვა ქალაქებში ჯერ დევნილთა დაბინავებით არიან დაკავებულნი. მაგალითად, ხარკოვში მძლავრი სამოქალაქო მოხალისეობრივი მოძრაობა დაიწყო. რამდენიმე ორგანიზაცია ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად დონბასიდან დევნილთა განსახლებასა და მათი ყოფითი პრობლემების გაუმჯობესებაზე მუშაობს. ხარკოვში, ადგილობრივი ანალიტიკოსების თქმით, მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი პრორუსულადაა განწყობილი, მათ ანტიმაიდნელებს უწოდებენ, მაგრამ საზოგადოების 40 პროცენტი, რომელიც თავის თავს ევრომაიდნელებს უწოდებს, ძალიან აქტიურია. ამიტომაცაა, რომ ხარკოვის ადმინისტრაციულ შენობებზე რამდენჯერმე ნოვოროსიის დროშა აფრიალდა, თუმცა, საბოლოოდ, იქ მაინც უკრაინის სახელმწიფო დროშა დაბრუნდა.

ქართველი და უკრაინელი ექსპერტების შეხვედრა
ქართველი და უკრაინელი ექსპერტების შეხვედრა

განსხვავებული სურათია უკრაინის დასავლეთში. ქალაქ ლვოვში 90 პროცენტს უკრაინელები შეადგენენ, რომლებიც ევროინტეგრაციის მომხრენი არიან. რაც შეეხება რუსეთთან კონფლიქტს, ყოფილი დისიდენტი, უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის პრორექტორი, უფლებადამცველი მიროსლავ მარინოვიჩი ამბობს, რომ ვიდრე რუსეთი კონფლიქტში მონაწილეობას არ აღიარებს, მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია. მისი აზრით, რუსეთთან ძმობა უკვე გამორიცხულია. პუტინის აგრესიამ ბევრი უკრაინელი დააფიქრა და საერთო ეროვნული გაერთიანებისკენ უბიძგა.

ქალაქი ლვოვი, განვითარების თვალსაზრისით, მთელი უკრაინისთვის სამაგალითო ქალაქი გახდა. ლვოვის მერი ანდრეი სადავოი კი რეალური დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობისთვის მეტი ფინანსური დამოუკიდებლობის მომხრეა. მისი აზრით, უკრაინას ახლა წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება ყველაზე მეტად სჭირდება - მათ შორის, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.

8 დღის განმავლობაში უკრაინის ქალაქებში ქართველი და უკრაინელი ექსპერტების შეხვედრები მიმდინარეობდა. „კავკასიური სახლისა“ და „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებული დისკუსიების დროს ანალიტიკოსები კონფლიქტებისა და რეფორმების მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG