Accessibility links

logo-print

იემენში ზავთან დაკავშირებით რუსეთის მოწოდებას არ მოჰყვა გაეროს მოქმედება


გაეროს უშიშროების საბჭომ 1 მაისს სასწრაფო წესით გამართა სხდომა, რომელზეც მხარი არ დაუჭირეს რუსეთის მოწოდებას იემენში დაუყოვნებლივ ზავის გამოცხადების შესახებ იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ღრმავდება ჰუმანიტარული კრიზისი. რუსეთმა სხდომის გამართვა ითხოვა მეექვსე კვირაში მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ იემენში დაიწყო შიიტი მეამბოხეების პოზიციების დაბომბვა, რამაც გაართულა საწვავის, საკვების და მედიკამენტების მიწოდება. გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ საწვავის ნაკლებობამ შესაძლოა რამდენიმე დღეში სრულად გააჩეროს ჰუმანიტარული სამუშაოები. ანალოგიურ გაფრთხილებას ავრცელებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე რუსეთმა გაავრცელა განცხადების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ან, სუმ მცირე, ბრძოლაში ჰუმანიტარული პაუზების გამოცხადებას. მას შემდეგ, რაც განცხადების პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, ელჩმა ვიტალი ჩურკინმა სხვა ელჩები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი არ იჩენენ ძალისხმევას მზარდი კრიზისის შესაჩერებლად. როგორც იუწყებიან, რუსეთის დიპლომატიურმა სვლამ ეჭვები აღძრა, მოსკოვის ირანთან ახლო კავშირის გამო, ვინაიდან იემენში შიიტი მეამბოხეების მხარდამჭერად სწორედ ირანს მიიჩნევენ. დიპლომატები აცხადებენ, რომ რუსეთის მოწოდება არ არის საბოლოოდ უარყოფილი, უბრალოდ საბჭოს წევრებს სიტყვიერი ფორმულირებების განხილვისთვის დრო სჭირდებათ.

XS
SM
MD
LG