Accessibility links

logo-print

საუდის არაბეთის კოალიციას ადანაშაულებენ კასეტური ბომბების გამოყენებაში


უფლებადამცველი ორგანიზაცია ჰიუმან რაიტს უოჩი კასეტური ბომბების გამოყენებაში სდებს ბრალს საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას, რომელიც იემენში შიიტი მეამბოხეების წინააღმდეგ ახორციელებს საჰაერო კამპანიას. ორგანიზაციამ 3 მაისს განაცხადა, რომ მოიპოვა ფოტოები, ვიდეოჩანაწერები და სხვა სახის მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებს, რომ იემენის ჩრდილოეთში, მთიანი რეგიონის საადას პროვინციაში კოალიციამ კასეტური ბომბები გამოიყენა. ჰიუმან რაიტს უოჩის განცხადებით, სატელიტიდან მოპოვებული სურათების ანალიზი აჩვენებს, რომ ბომბები დასახლებული ადგილებიდან 600 მეტრის რადიუსში ჩამოვარდა - რამაც ადგილობრივ ხალხს შეუქმნა საფრთხე. კასეტური ბომბები შეიცავს ათობით მცირე მოწყობილობას, რომლებიც ზოგჯერ ჩამოვარდნისას არ ფეთქდება და ფაქტობრივად ნაღმებად იქცევა. ამის შედეგად, ჩნდება ჩამოვარდნიდან დიდი ხნის შემდეგ ადამიანთა დაღუპვის, ან დასახიჩრების საფრთხე. კასეტური ბომბების გამოყენება აკრძალულია 2008 წელს შემოღებული ხელშეკრულებით, რომელსაც 116 ქვეყანა შეუერთდა - თუმცა არა საუდის არაბეთი და მისი კოალიციური პარტნიორები, ან აშშ. საუდის არაბეთი უარყოფს იემენში კასეტური ბომბების გამოყენებას.

XS
SM
MD
LG