Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერი კრაკოვში ადგილობრივი მთავრობების კონგრესში მონაწილეობს


ადგილობრივი მთავრობების ევროპული კონგრესი კრაკოვში
ადგილობრივი მთავრობების ევროპული კონგრესი კრაკოვში

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ადგილობრივი მთავრობების ევროპულ კონგრესში. როგორც რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი იტყობინება კრაკოვიდან, ნარმაიამ სიტყვით მიმართა კონგრესის მონაწილეებს და ილაპარაკა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თბილისისთვის წარმოქმნილ ახალ შესაძლებლობებზე, ასევე იმ რეფორმებზე, რომელთა განხორციელება საქართველოს დედაქალაქის განვითარებისთვის იგეგმება. თბილისის მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თბილისის ენერგოეფექტიან და ეკოლოგიურ ქალაქად გარდაქმნის აუცილებლობაზე. მისი თქმით, ენერგოეფექტიანობა და ეკოლოგია თბილისის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დავით ნარმანიას განცხადებით, მერია აქტიურად მუშაობს ევროპის მერების კონვენციის შესაბამისად, რათა შეთანხმების მონაწილე სხვა ქალაქების მსგავსად, 2020 წლისთვის 20%-ით შემცირდეს სითბური აირების ემისია. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ კონვენციის ფარგლებში ხორციელდება ენერგოეფექტიანობის სამოქმედო გეგმა. ასევე დაგეგმილია საქალაქო ავტოტრანსპორტის პარკის განახლება და ეკოლოგიური მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება. ორდღიანი ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ბიზნესის წარმომადგენლები. კონგრესის მიზანია, ევროპის ადგილობრივმა მთავრობებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, ინოვაციები და სიახლეები, რაც ხელს უწყობს თვითმმართველობის გაძლიერებას. კონგრესის ორგანიზატორია პოლონეთში დაფუძნებული „აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტი“.

XS
SM
MD
LG