Accessibility links

logo-print

ნეპალი სხვადასხვა დაავადების გავრცელების საფრთხის წინაშე დგას


ნეპალში 25 აპრილს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო მოსახლეობა სხვადასხვა დაავადების გავრცელების საფრთხის წინაშე დგას, იტყობინება ბი-ბი-სი სხვადასხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებზე დაყრდნობით. თავშესაფრის ნაკლებობის, დაბინძურებული წყლისა და მძიმე სანიტარული პირობების გამო შესაძლოა, ქვეყანაში ქოლერა, დიზენტერია და სხვა მსგავსი დაავადებები გავრცელდეს. როგორც ბრიტანეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის წარმომადგენლები ამბობენ, საფრთხის აღმოსაფხვრელად საჭიროა დაბინძურებული ტერიტორიების დასუფთავება და სასწრაფო პრევენციული ზომების მიღება. ბრიტანეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის პრესსპიკერის თქმით, ქოლერა ნეპალში ენდემურია, გასულ წელს ამ დაავადებით 600 ადამიანი დაავადდა, 2009 წელს კი ეპიდემიის შედეგად 300 000-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდა. ამიტომაც შექმნილი ვითარების გამო, ქოლერის გავრცელების საშიშროება დიდია. 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, 8 000-მდე ადამიანი დაიღუპა, 14 000-ზე მეტი კი დაშავდა. დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას 4 000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო მაშველი ცდილობს.

XS
SM
MD
LG