Accessibility links

logo-print

სკოპიეში 19 ადამიანი დაშავდა საპროტესტო აქციის დროს


ძალადობით აღინიშნა 5 მაისს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართული საპროტესტო აქცია, რომელშიც სულ ცოტა 1000 ადამიანი მონაწილეობდა. ისინი აპროტესტებდნენ 2011 წელს პოლიციის მიერ ერთი პირის მკვლელობას. ფაქტი არჩევნების შემდგომ პერიოდში, შედეგების აღნიშვნისას მოხდა, როცა პოლიციამ სასიკვდილოდ სცემა მარტინ ნესკოსკი. ის ახლანდელი პრემიერ-მინისტრის ნიკოლა გრუევსკის გამარჯვებას ზეიმობდა. 5 მაისს სულ ცოტა 19 ადამიანი დაშავდა დაპირისპირებისას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. მათგან 15 პოლიციელი იყო და ერთი ფოტოგრაფი. პოლიციამ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი აქციის მონაწილეთა დასაშლელად. აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მათ ჩაამსხვრიეს სამთავრობო შენობების შუშები, დააზიანეს მანქანები და ცეცხლი წაუკიდეს რამდენიმე კონტეინერს. მაკედონიის ოპოზიციის ლიდერმა, სოციალ-დემოკრატმა ზორან ზაევმა პრემიერ-მინისტრი ნიკოლა გრუევსკი დაადანაშაულა მარტინ ნესკოსკის სიკვდილის გარემოებათა დაფარვაში. ზაევმა გამოაქვეყნა აუდიო-ჩანაწერი, რომელშიც, მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმოამდგენლები მსჯელობენ, როგორ დაფარონ მკვლელობის გარემოებები. მთავრობის წარმოამდგენლები ბრალდებას „აბსურდს“ უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ამ მკვლელობისთვის გაასამართლეს პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრი და მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

XS
SM
MD
LG