Accessibility links

logo-print

აშშ-ის ელჩი უკრაინაში: რუსეთმა „მიდგომა უნდა შეცვლოს“


აშშ-ის ელჩი უკრაინაში, ჯეფრი პაიეტი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა შეცვალოს თავისი მიდგომა უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან მიმართებით, საიმისოდ, რომ რეგიონში მშვიდობის დამყარება გახდეს შესაძლებელი. რადიო თავისუფლებისთვის კიევში 6 მაისს მიცემულ ინტერვიუში პაიეტი აცხადებს, რომ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მოქმედ, პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს რუსეთი იარაღს აწვდის, მათ შორის ტანკებს, რაკეტებს და ანტი-სარაკეტო სისტემებს. ელჩი „ხელოვნურად შექმნილს“ უწოდებს სამხედრო კონფლიქტს უკრაინის არმიასა და იმ ძალებს შორის, რომლებსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს სეპარატისტების და რუსების შერეულ ჯგუფებად. პაიეტის აზრით, დონბასის მოსახლეობა აგრესიული პროპაგანდის კამპანიის სამიზნეა. ელჩი "ძალიან ეფექტურს“ უწოდებს რუსეთის მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომს და მიანიშნებს რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცნობებზე, თითქოს სამშვიდობო შეთანხმების განხორციელებას აშშ და კიევი უქმნიან წინაღობას. „აშშ უკრაინას იარაღს არ აწვდის, რასაკვირველია, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო პროცესს და საზავო შეთანხმებასო“, აცხადებს პაიეტი. ელჩის თქმით, აშშ მზარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სამშვიდობო გეგმას. ყველას მშვიდობა გვსურს და საიმისოდ, რომ, ეს მოხდეს, რუსეთმა მიდგომა უნდა შეცვალოსო, აცხადებს პაიეტი. ამავე დროს, ელჩის თქმით, არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი და სეპარატისტები ბრძოლის ხელახალ გააქტიურებას გეგმავენ.

XS
SM
MD
LG