Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბასთუმანი ტურისტებს წელსაც მოუმზადებელი ხვდება


აბასთუმანი
აბასთუმანი

აბასთუმნის რეაბილიტაციისათვის 8 მილიონი დოლარი დაიხარჯება. რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კურორტზე აღდგენითი სამუშაოებისათვის თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყო. პროექტის განხორციელება 2016 წლიდან დაიწყება, მანამდე კი ადგილობრივები არაერთ პრობლემაზე ლაპარაკობენ. რა საკითხები გადაიჭრება აბასთუმანში რეაბილიტაციის შემდეგ და რა პრეტენზია ჰქონდათ განვითარების გეგმასთან დაკავშირებით ობსერვატორიის თანამშრომლებს?

მაისის თვე აბასთუმნელებისთვის, შემოსავლების თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია. "დამტვერვის სეზონს“, როგორც ამ დროს ადგილობრივები უწოდებენ, ბევრი დამსვენებელი სტუმრობს. მიუხედავად ამისა, კურორტზე ფიქრობენ, რომ მძიმე სოციალური და ინფრასტრუქტურული ვითარების გამო მოსახლეობა ტურისტს სათანადო პირობებს ვერ სთავაზობს.

მწყობრიდან გამოსული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლები, დაუკანონებელი ტერიტორიები, დაბინძურებული სასმელი წყალი, მოშლილისაკანალიზაციო სისტემა – ეს აბასთუმნის დღევანდელი სახეა. სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კურორტზე, მოუწესრიგებელინფრასტრუქტურასთან ერთად, ადგილობრივებსბევრი სხვა პრობლემაც აწუხებთ.

აბასთუმანი
აბასთუმანი

წლებია, მოსახლეობას მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება. ადგილობრივები ამბობენ, რომ აბასთუმანში ტურისტის მოზიდვა საკუთარი ძალისხმევით უხდებათ. აბასთუმანში იმაზეც ჩივიან, რომ გარემო პირობები როგორც უფროსების, ისე ბავშვების დასვენებისთვის შეუსაბამოა. ადგილობრივთა აზრით, მოსახლეობა რომ დაცული იყოს და ტურისტისთვის აბასთუმანი მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ხელისუფლებამ კურორტის კეთილმოწყობაზე უნდა იზრუნოს.

ათეული წლების შემდეგ, აბასთუმნის რეაბილიტაციისათვის თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყო. კურორტის განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურული სამუშოები 2016 წლიდან უნდა დაიწყოს, 8 მილიონი დოლარით შესრულდება, მიმდინარე წელს კი მხოლოდ პროექტები მომზადდება. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ, რეაბილიტაციის ფარგლებში, აბასთუმნის ურბანული აღდგენა, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და საგზაო სისტემების მოწესრიგება, საბაგირო ხაზისა და ობსერვატორიის კეთილმოწყობაა დაგეგმილი.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მტკიცებით, ობიექტის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. აბასთუმნის განვითარების გეგმის მიმართ პრეტენზია ჰქონდა ობსერვატორიის თანამშრომელსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ოთარ კვარაცხელიას. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ამბობს, რომ რეაბილიტაციის პირვანდელ გეგმაში ასტროფიზიკური ობსერვატორიის კეთილმოწყობა გათვალისწინებული არ ყოფილა და ამის გამო ოთარ კვარაცხელია, კოლეგებთან ერთად, პროექტის ავტორებს რამდენჯერმე შეხვდა. საბოლოოდ, ობსერვატორიის მოწესრიგებისათვის გარკვეული თანხა გამოიყო.

იმაზე, თუ რა კონკრეტული სამუშაოები ჩატარდება ადიგენის მუნიციპალიტეტის ერთადერთ კურორტზე, ადგილობრივ თვითმმართველობაში ვერაფერს ამბობენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე გეგმა დასაზუსტებელია, თანხის შესახებ კი, გუბერნატორისგან განსხვავებით, ინფორმაციას არ ფლობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე.

აბასთუმანი
აბასთუმანი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ ტურისტების მოსაზიდად ადგილობრივ დონეზე მხოლოდ კონკრეტული ობიექტების გაქირავებით შემოიფარგლებიან, აბასთუმანში არსებულ ვითარებას კი საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი მტკივნეულად მიიჩნევს.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ტურისტისთვის შეთავაზებული სასტუმროებისა და გასაქირავებელი სახლების ფასი, შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, მაღალია, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ წლიდან წლამდე ეს მათი ერთადერთი შემოსავალია. გარდა ამისა, ყურადღებას აბასთუმნის ჰაერის განსაკუთრებულობაზეც ამახვილებენ.

მიხეილ დალაქიშვილი აბასთუმანში დაიბადა და გაიზარდა. მისი აზრით, კურორტს პირველ ეტაპზე სისუფთავე და ნორმალური სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება, დასაქმებისა და აბასთუმნის ფინანსური სიძლიერისთვის კი ადგილობრივები ხელისუფლებას სთხოვენ მათ დაბალპროცენტიანი სესხის აღებაში დაეხმაროს.

მსოფლიო ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონისათვის სულ 30 მილიონი დოლარია გამოყოფილი. აქედან 8 მილიონი აბასთუმნის რეაბილიტაციას მოხმარდება, დანარჩენი კი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აღნიშული თანხა აბასთუმნის სრული რეაბილიტაციისათვის საკმარისი მაინც არ არის და ამ ეტაპზე ადგილობრივებს მხოლოდ პირველადი პრობლემები მოუგვარდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG