Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გრანდიოზული სამხედრო აღლუმით აღნიშნეს „გამარჯვების დღე“


რუსეთში ფართომასშტაბიანი აღლუმებით აღნიშნავენ "გამარჯვების დღეს" - მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხების 70-ე წლისთავს. მოსკოვში წითელ მოედანზე, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად იმყოფებიან მაღალი რანგის უცხოელი სტუმრებიც, სამხედრო აღლუმში მონაწილეობდა 16 ათასამდე ჯარისკაცი. შეკრებილებისადმი მიმართვისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „წმინდა საიუბილეო თარიღი“ უწოდა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავს. მანვე მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს - დაასახელა საფრანგეთის, ბრიტანეთის და შეერთებული შტატების წვლილი ჰიტლერის რეჟიმის დამარცხებაში. თუმცა, გააკრიტიკა „ერთპოლუსიანი“ მსოფლიოს შექმნის მცდელობა, რითაც სავარაუდოდ შეერთებული შტატების პოლიტიკაზე მიანიშნა. „და ჩვენი ერთობლივი ამოცანა უნდა გახდეს ისეთი სისტემის შემუშავება, რომელიც თანაბარი უსაფრთხოებით უზრუნველყოფს ყველა სახელმწიფოს, რომელიც იქნება თანამედროვე საფრთხეების ადეკვატური, რეგიონულ და გლობალურ ბლოკგარეშე საფუძველზე აგებული. მარტო ასეთ შემთხვევაში უზრუნველვყოფთ მშვიდობას და სიმშვიდეს პლანეტაზე“, - განაცხადა პუტინმა აღლუმზე, რომელზეც წარმოადგინეს რუსეთის თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა ახალი, "არმატის" ტიპის ტანკების ჩათვლით. უცხოელ ლიდერებს შორის, ვინც წითელ მოედანზე თვალს ადევნებდა სამხედრო აღლუმს, იყო ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. დასავლელმა ლიდერებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ღონისძიებას, უკრაინაში რუსეთის მოქმედების გამო. საბჭოთა კავშირმა 26 მილიონამდე ადამიანი დაკარგა ომში - ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი.

XS
SM
MD
LG