Accessibility links

logo-print

ვაკის პარკში დაკავებული პირებიდან ხუთ კაცს ჯარიმა შეუფარდეს


თბილისის საქალაქო სასამართლომ 100-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა ვაკის პარკში დაკავებული შვიდი პირიდან ხუთს, დანარჩენ ორს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ყველა დაკავებული თავისუფალია, მათ დატოვეს საქალაქო სასამართლოს შენობა. 9 მაისს ვაკის პარკში დაკავებულებს, რომელთა შორისაც იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი გია ჭანტურია, ბრალად ედებოდათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ჭანტურიას სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა. პოლიციამ ის და დანარჩენი ექვსი პირი მას შემდეგ დააკავა, რაც მათ გააპროტესტეს ვაკის პარკში ე.წ. „გეორგიევსკის ბაფთიანი“ პირების მისვლა. "გიორგიევსკის ბაფთას" რუსეთში განსაკუთრებით ხშირად ატარებენ 2014 წელს ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ. ის ბევრს მიაჩნია რუსეთის იმპერიული მისწრაფებების სიმბოლოდ.

XS
SM
MD
LG