Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების პირველ ტურში ანჯეი დუდამ გაუსწრო ბრონისლავ კომოროვსკის


ეგზიტ-პოლების მიხედვით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა ოპოზიციის კანდიდატმა ანჯეი დუდამ მოიპოვა. ის 24 მაისს მეორე ტურში დაუპირისპირდება პოლონეთის მოქმედ პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკის. მარკეტინგული კომპანია Ipsos-ს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ანჯეი დუდამ, რომელიც წარმოადგენს პარტიას - „სამართალი და სამართლიანობა“, ხმების 34,8% მიიღო, ბრონისლავ კომოროვსკიმ კი - 32,2%. პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერი წარსულში იყო პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. ანჯეი დუდა 1972 წელს დაიბადა. დაამთავრა სამთო აკადემია. იაგელონის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ადმინისტრაციულ სამართალში. 2005 წელს პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ საპარლამენტო კლუბის მრჩეველი გახდა. ანჯეი დუდა იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. ბრონისლავ კომოროვსკი 62 წლის არის. მისი წინასაარჩევნო კამპანია დაფუძნებული იყო ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მოწოდებებზე. პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მესამე შედეგი აჩვენა როკ-მუსიკოსმა პაველ კუკიჟმა - ხმების 20,3% მიიღო. მეორე ტურის შედეგი, დიდი ალბათობით, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვის მიცემს ხმას კუკიჟის ამომრჩეველი.

XS
SM
MD
LG