Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია ოთხშაბათს წარმოადგენს ლტოლვილთა პრობლემის გადაჭრის წინადადებებს


ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართავს წინააღმდეგობრივი წინადადებით ლტოლვილთა კვოტების სქემით მიღების შესახებ. გაეროს გათვლებით, მიმდინარე წელს დაახლოებით 60 ათასი ადამიანი შეეცადა ხმელთაშუა ზღვის გადალახვას. „ამნისტი ინტერნეიშენალის“ თანახმად, ლიბიას ტოვებენ ადამიანები იქ „საზარელი ძალადობის“ გამო. მიმდინარე წელს 1800-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში, რაც 20-ჯერ აღემატება 2014 წლის იმავე პერიოდში დაღუპულთა რაოდენობას. ევროკომისიის მიგრაციის პოლიტიკა ოთხშაბათს გამოქვეყნდება და მასში იქნება წინადადებები მიგრანტებისთვის ევროპაში შეღწევის ლეგალური გზების შეთავაზებაზე იმისათვის, რომ ისინი ტრეფიკერებს არ ჩაუვარდნენ ხელში. ევროკომისიის წინადადებები ევროკავშირის წევრებთან უნდა შეთანხმდეს. ევროკავშირის ლიდერები წინადადებებზე იმსჯელებენ ივნისში დაგეგმილ სამიტზე. ევროკომისიის წინადადებები ნაწილია იმ ღონისძიებებისა, რომლის გატარებასაც ევროკავშირი აპირებს ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების დაღუპვის შესაჩერებლად. გასულ წელს 200 ათასზე მეტი მიგრანტი შეეცადა გაქცეოდა კონფლიქტს ან სიღატაკეს სირიიდან, ერითრეიდან, ნიგერიიდან და სომალიდან. ათასობით მათგანი ხმელთაშუა ზღვაში დაიხრჩო. კვოტები, რომელთა დაწესებასაც ევროკომისია აპირებს, დამოკიდებული იქნება რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის - ქვეყნის მოსახლეობაზე, ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და მანამდე შეფარებულ მიგრანტთა რაოდენობაზე.

XS
SM
MD
LG