Accessibility links

logo-print

თურქეთისკენ მიემართება ლიბიის სანაპიროსთან დაბომბვის შედეგად დაზიანებული სატვირთო გემი


ლიბიის სანაპიროსთან დაბომბილი თურქული სატვირთო გემი, რომლის ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს ექვსი მოქალაქეცაა, ამჟამად თურქეთისკენ მიემართება. 11 მაისს, დაბომბვის შედეგად დაიღუპა კაპიტნის თანაშემწე, რომელიც თურქეთის მოქალაქე იყო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანანო გომართელმა დღეს რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ თურქეთისკენ მიმავალ ტვირთმზიდს გზად დახვდა თურქული სამხედრო გემი, რომელზეც დაღუპული მეზღვაურის ცხედარი გადაასვენეს. ანანო გომართელის ცნობითვე, გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები, რომლებთანაც სააგენტოს მუდმივი კავშირი აქვს, თავს ნორმალურად გრძნობენ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა, რომ დაბომბვის შედეგად დაზიანებული გემი თურქეთის უახლოეს ნავსადგურში უსაფრთხოდ შევიდეს. გემზე მყოფმა ქართველმა მეზღვაურმა გოჩა შერვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს აცნობა, რომ გემს ლიბიის სანაპიროსთან რვა ბომბი მოხვდა. როგორც გელა შერვაძემ აღნიშნა, თურქული ტვირთმზიდი პრაქტიკულად, ქართველმა მეზღვაურებმა გადაარჩინეს. სატვირთო გემის დაბომბვის გამო ლიბიას პროტესტი გამოუცხადა თურქეთის მთავრობამ. ტვირთმზიდი „ტუნა“ ესპანეთიდან ლიბიისკენ მიემართებოდა.

XS
SM
MD
LG