Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭო ითხოვს იემენზე სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვას


გაეროს უშიშროების საბჭომ 12 მაისს გენერალურ მდივანს, ბან კი-მუნს მოუწოდა იემენის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკება გამართოს და ყველა მხარეს მიმართა თხოვნით დაიცვან ხუთდღიანი, ჰუმანიტარული ზავი. საბჭოს განცხადების თანახმად, გაეროს ხელმძღვანელობით ჩატარებულმა მოლაპარაკებამ უნდა მოიცვას ყველა მხარე და მოლაპარაკებას იემენის წარმომადგენლები უნდა გაუძღვნენ. იემენში გაეროს ახალმა ელჩმა, ისმაილ ულდ ჩეიხმა ქვეყანაში პირველი ვიზიტი 12 მაისს დაიწყო. გაეროს სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის ჯერჯერობით დღე არ არის დანიშნული, თუმცა საბჭო მიესალმა სხვა კონფერენციას, რომელიც 17 მაისს რიადში უნდა გაიმართოს. გაეროს განცხადების ფონია ცნობები, რომ სამხრეთის ქალაქ დალეში გრძელდება შეტაკებები, მიუხედავად ადგილობრივი დროით 11 საათზე ამოქმედებული ზავისა. როგორც იუწყებიან, ჯერჯერობით სიმშვიდეა სხვა ადგილებში - მათ შორის დედაქალაქ სანაში და საპორტო ქალაქ ადენში, სადაც ინტენსიური შეტაკებები იყო მთავრობის მომხრე ძალებს და შიიტ მეამბოხეებს შორის. ხუთდღიანი ზავის მიზანია მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG