Accessibility links

logo-print

დევიდ კამერონი „ისლამისტურ ექსტრემიზმთან“ ბრძოლის პირობას დებს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი 13 მაისს გამოაცხადებს კანონმდებლობას, რომელიც, მისი თქმით „შხამიან ისლამისტურ ექსტრემისტულ იდეოლოგიასთან“ ბრძოლას ისახავს მიზნად. გასულ კვირაში ჩატარებულ არჩევნებში კონსერვატორთა მიერ მოულოდნელად უმრავლესობის მოპოვების შემდეგ გაიმართება უშიშროების საბჭოს პირველი შეხვედრა, სადაც კამერონი გამოვა ინციატივით აიკრძალოს ექსტრემისტული ორგანიზაციები, შეიზღუდონ ის პირები, რომლებიც ახალგაზრდების რადიკალიზაციას ახდენენ და დაიხუროს ობიექტები, სადაც ექსტრემისტები ინდოქტრინაციას ახორციელებენ. ამის შესახებ ცნობას კამერონის ოფისი ავრცელებს. ბრიტანეთი ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ექსტრემისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ ჯალათი, სახელად „ჯიჰადი ჯონი“ ამოიცნეს როგორც უწინ ლონდონში მცხოვრები მოჰამედ ემვაზი. ვრცელდება ცნობები, რომ ბრიტანეთს ასობით ახალგაზრდა ტოვებს, რათა „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს შეუერთდეს სირიაში. გავრცელებული ცნობებით, კამერონი შემდეგი განცხადებით გამოვა: „ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში პასიურად ტოლერანტული საზოგადოება ვიყავით და ჩვენს მოქალაქეებს ვეუბნებოდით - თუ კანონს დაიცავთ, ჩვენ არაფერში ჩავერევით. ამ მიდგომამ მარცხი განიცხადა და მთავრობა მას მტკიცედ შეცვლის. ჩვენ შეუძლებელი უნდა გავხადოთ ექსტრემისტების წარმატება.“

XS
SM
MD
LG