Accessibility links

logo-print

ევროკავშირი აცხადებს, რომ 20,000 მიგრანტს მიიღებს


ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო გამოდის წინადადებით, მომავალი ორი წელიწადის განმავლობაში კავშირმა მიიღოს 20,000 ლტოლვილი და ისინი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაანაწილოს. თუმცა კომისია ბრიტანეთს, ირლანდიას და დანიას საშუალებას აძლევს არ მიიღონ ლტოლვილები. როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, ბრიტანეთმა უკვე ისარგებლა შესაძლებლობით და უარი თქვა პროცესში მონაწილეობაზე. მიგრანტების მოზღვავების გამო შექმნილი პრობლემების გადაწყვეტის თხოვნით ევროკავშირს მიმართეს იტალიამ და სამხრეთის სხვა ქვეყნებმა. ამ ქვეყნებში შეღწევას ხმელთაშუა ზღვის გავლით ცდილობენ ჩრდილოეთ აფრიკიდან მომავალი მიგრანტები. ევროპის კომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა ტვიტერით დაწერა, „დიდი მიგრაციის საკითხის გადაწყვეტის პროცესში არც ერთი ქვეყანა არ უნდა დარჩეს მარტოო.“ ქვეყნების ზომის, ეკონომიკის და სხვა მონაცემების გათვალისწინებით შედგენილი კვოტების პირობებში, ყველაზე მეტ მიგრანტს გერმანია მიიღებს, რომელსაც შემდეგ საფრანგეთი და იტალია მოსდევენ - იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი პოზიციას არ შეცვლის.თავშესაფართან, იმიგრაციასთან, ვიზებთან და საზღვრის გარე კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით ბრიტანეთს, დანიას და ირლანდიას გამონაკლისები ეხება, რომლებიც ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული. კომისია ევროკავშირის მთავრობებს თვის ბოლოს მიმართავს ოფიციალური თხოვნით.

XS
SM
MD
LG