Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოზე წერს


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა რეფორმების საკითხებში მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების საერთაშორისო საბჭოს შემადგენლობის შესახებ: „მასში შევიდნენ გამოჩენილი პოლიტიკოსები, ისეთები, როგორებიცაა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - ელმარ ბროკი და ევროპარლამენტის აქტიური წევრი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, კარლ ბილდტი, სლოვაკეთის რეფორმების ცნობილი ავტორი მიკოლას დზურინდა, ცნობილი ეკონომისტი ანდერს ასლუნდი, ანდერს კუბილიუსი, რომელიც ორჯერ იყო ლიტვის პრემიერ-მინისტრი. ეს საბჭოს მხოლოდ საწყისი შემადგენლობაა, რომელიც გაფართოვდება და შეივსება. უკრაინის დიდმა მეგობარმა, პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ კვასნევსკიმ გამოთქვა საბჭოში შესვლის სურვილი. საბჭოში მონაწილეობაზე პრინციპული თანხმობაა მიღებული სენატორ ჯონ მაკკეინისგან და დღეს მან ეს ჩემთან საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა. თუმცა, მან უნდა დაასრულოს ფორმალური პროცედურები, აშშ-ის კონგრესის წესების შესაბამისად. კიდევ რამდენიმე ცნობილი საერთაშორისო მოღვაწე აწარმოებს დიალოგს ჩვენთან საბჭოში მონაწილეობაზე. მიზანია - უკრაინის დახმარება საქმიანი რჩევებით რეფორმების გატარებაში, აქტიური პოზიციით - საერთაშორისო ასპარეზზე მის მხარდაჭერაში. ყოველ ორ კვირაში გამოვაქვეყნებთ ანგარიშს რეფორმების პროცესზე, როგორც მიღწევებზე, აგრეთვე ყველაზე მნიშვნელოვანზე, პრობლემურ საკითხებზე. მსოფლიო და რაც მთავარია, უკრაინის საზოგადოება, ითხოვენ რადიკალურ ცვლილებებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკეთესობისკენ ცვლილებები რეალობა გახდეს“.

XS
SM
MD
LG