Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკარგული ძაფის ძიებაში


12 მაისს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა ფოტოგრაფ კონსტანტინე ზანისის გამოფენა, სახელწოდებით „ქალი აბრეშუმით“. ფოტოებზე ასახულია კავკასიელი ქალების ყოველდღიური ყოფა, მათი ჩაცმულობა და მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქმიანობა.

აბრეშუმი რომ დაამზადო, გრძელი გზა უნდა გაიარო. უფრო ზუსტად, შენ რა, აბრეშუმის ჭიამ უნდა გაიაროს გრძელი გზა, ან, კიდევ უფრო ზუსტად, ნამდვილი მეტამორფოზა. აბრეშუმის პეპელა 500-მდე კვერცხს დებს. კვერცხი ქინძისთავისოდენაა. 20 დღეში კვერცხიდან ჭია იჩეკება. დღეც და ღამეც თუთის ფოთლით იკვებება. იმატებს წონაში და ოთხჯერ იცვლის კანს. დგება დრო ჭიის გამჭვირვალობისა და რთვისა. ის იწყებს ადგილის ძებნას, რომ აბრეშუმის გამომყოფი ჯირკვლებიდან ძაფი შემოიხვიოს, ჭუპრად იქცეს. პარკის ახვევას ჭია სამ დღე-ღამეს ანდომებს. ამ პროცესს თბილისში აბრეშუმის მუზეუმის დირექტორი ნინო კუპრავა, აი, ასე ახასიათებს:

„მეხუთე ასაკს რომ მოათავებს, მერე ეძებს რაღაცა ადგილს, შეიძლება კედელზეც კი აცოცდეს და იქ მოეჭიდოს. და პირველ ძაფს უშვებს პირიდან და რვიანების მოძრაობით იწყებს სახლის ქსოვას, რომელშიც გადაიქცევა ჭუპრად. ამ პროცესში ჭია 400 ათას ბრუნვას აკეთებს“.

და მერე რჩება ჭუპრი. ჭუპრიდან ამოხვეული აბრეშუმის ძაფის სიგრძე 700 მეტრიდან 3000 მეტრამდე მერყეობს. ამოიხვევა ძაფი და აბრეშუმს ოქროს ფასი ედება. თუკი მცირე ისტორიულ წყაროებს მოვიშველიებთ, აბრეშუმის წარმოება საქართველოში ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში დაუწყიათ. ვახტანგ გორგასალს ეს კულტურა ინდოეთიდან შემოუტანია, როცა ის შაჰ პეროზს ახლდა ლაშქრობაში. აბრეშუმს ქართულ ლიტერატურულ წყაროებში ჭიჭნაუხტად მოიხსენიებენ. მეაბრეშუმეობა საქართველოში საუკუნეების მანძილზე სტრატეგიულ დარგად ითვლებოდა. XIX - XX სს-ში ქვეყანა, არსებული რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად, მეაბრეშუმეობის განვითარებაში აღმავლობის გზას ადგა. ქართული საექსპორტო პროდუქციის ნუსხაში შედის აბრეშუმის პარკი, გრენა, ქსოვილი, რომელიც ქვეყნისთვის შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. XIX ს-ის შუა ხანებში მეაბრეშუმეობაში დასაქმებული იყო დაახლოებით 200 ათასამდე ოჯახი და ყოველწლიურად საშუალოდ 6-6,5 ათასი ტონა პარკი იწარმოებოდა, რაც დღემდე სარეკორდო მაჩვენებელია. სწორედ ამ პერიოდში კავკასიაში აბრეშუმხვევია ჭიის დაავადება, პებრინა, გაჩნდა. მან საქართველომდეც მოაღწია და დარგი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დარგის გადასარჩენად სწორედ ამ ხანებში, მეფის რუსეთის დავალებით, თბილისში დაარსდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო საიმპერატორო საზოგადოების კომიტეტის წევრი ნიკოლაი შავროვი. მეაბრეშუმეობის სადგურის ძირითადი ამოცანა იყო მოსახლეობის ჯანსაღი თესლით უზრუნველყოფა და აბრეშუმის მოვლის გაუმჯობესებული საშუალებების გავრცელება...

გამოფენა
გამოფენა

მეაბრეშუმეობის სადგურს დღეს აბრეშუმის მუზეუმი ჰქვია. მუშტაიდის ბაღის წინ წითელი აგურით ნაშენებ ორსართულიან შენობაში შევდივართ. ჩამოქექილ კედლებს სქელი ბზარები ხაზავს. ცივა. მაღალი ფანჯრებიდან სინათლე შემოდის. ის, რომ მეაბრეშუმეობის სადგური მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთ შენობას აერთიანებდა, მხოლოდ დოკუმენტებშია შემორჩენილი. ერთ-ერთ შენობაში დღეს დევნილები არიან შესახლებულნი. კიდევ ერთი შენობიდან მხოლოდ საძირკველია გადარჩენილი. მუშტაიდის ბაღში დგას იმ პერიოდში დარგული რამდენიმე თუთის ხეც. აბრეშუმის მუზეუმი მეორე სართულზე შთამბეჭდავ ბიბლიოთეკას ინახავს - ბიბლიოთეკას, სადაც მეაბრეშუმეობით დაინტერესებულ ადამიანებს ბევრი საინტერესო გამოკვლევის წაკითხვა შეუძლია. 1970-იანი წლებიდან მუზეუმის ისტორიის მძიმე პერიოდი იწყება: 1981 წ. შენობა დინამოს სტადიონს გადაეცა. 1986-88 წწ-ში მუზეუმის მეურვე მეაბრეშუმეობის სამმართველო გახდა. 1996 წელს შენობა ისტორიული მნიშვნელობის ძეგლად გამოცხადდა. დღეს შენობა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. მუზეუმის დირექტორი ნინო კუპრავა შენობის შესახებ გვესაუბრება:

„შენობის საკითხი ყოველთვის მომხიბვლელი იყო სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ სტრუქტურებისთვის. ყოველთვის ცდილობდნენ და ფიქრობდნენ, რომ იქნებ სხვა რაიმე განთავსებულიყო აქ. მაგრამ ამ შენობას, ვფიქრობ, ძალიან დაეხმარა ის, რომ არქიტექტურულ დეტალებშიც კი ჩანს თუთის ფოთოლი, აბრეშუმის ჭია, პეპელა. ანუ, თუ დააკვირდებით, აქვე ჩანს, რომ ეს შენობა სპეციალურად მეაბრეშუმეობისთვის არის აშენებული“.

გამოფენა
გამოფენა

სწორედ ნიკოლაი შავროვთან ერთად დაიწყო მოგზაურობა კავკასიაში ფოტოგრაფმა კონსტანტინე ზანისმა, რათა ფირზე აღებეჭდა კავკასიაში მეაბრეშუმეობით დაკავებული ადამიანების საქმიანობა. მან მეაბრეშუმეობის სადგურში 1890-იან წლებში დაიწყო მუშაობა და იქვე დააარსა თავისი ფოტოსახელოსნო და ლაბორატორია, რომელიც დღემდე შემორჩენილია მუზეუმის სხვენში. სწორედ მის მიერ სამეცნიერო ექსპედიციებში გადაღებული ნამუშევრები გამოიფინა აბრეშუმის მუზეუმში 12 მაისს, გამოფენის სახელწოდებად კი „ქალი აბრეშუმით“ შეირჩა. „ახალგაზრდა სომეხი ქალი აბრეშუმის სამოსში“ - მიუხედავად იმისა, რომ ფოტო შავ-თეთრია, ეტყობა, რომ ქალს ლამაზი ჭრელი თავსაფარი აქვს მოხვეული. ზის მშვიდად, მუხლებზე ხელებდაწყობილი, და ფოტოგრაფის ობიექტივში იყურება. „გათხოვილი ლეკი ნაციონალურ აბრეშუმის სამოსში. სოფელი ბელოქანი, ზაქათალას ოლქი“, „შეჯვარება“, „აბრეშუმის პარკის გაყიდვა მკვიდრი მოსახლეობის მიერ აღმოსავლეთ კავკასიაში, სოფელი აგდაგი“ - ზანისის ფოტოები იმითიც არის გამორჩეული, რომ ავტორი თითოეულ მათგანს მინაწერს უკეთებს და ზუსტად აღწერს, რა კადრია აღბეჭდილი ფოტოზე. გამოფენას ნინო კუპრავა გვათვალიერებინებს და ფოტოების შინაარსს გვიხნის:

„საინტერესოა იმით, რომ იღებს კავკასიელ ქალებს. არ ეზარება და წერს იმაზეც, თუ რა არის ფოტოზე აღწერილი. წარწერები, ნუმერაცია, ყველაფერი ჰგავს იმას, რომ ზანისი კატალოგს აწარმოებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს კატალოგი აღარაა შემორჩენილი. აი, მაგალითად, ამ ფოტოზე აღბეჭდილია ლეკი გოგონა აბრეშუმის სამოსში. გარდა სამოსისა, სხვა სამკაულებიც აქვს მას. ასე რომ, ძალიან მომხიბვლელია. ზანისის ფოტოებში გადამეტებული არაფერია. კი, ეს ადამიანები მისთვის პოზირებენ, ეს დადგმული ფოტოებია, ეს ქალები ნამდვილად ფოტოგრაფისთვის სხედან ასე, მაგრამ ამ ფოტოებში ხელოვნური არაფერია“.

გამოფენა
გამოფენა

დღეს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი აპირებს კონსტანტინე ზანისის მიერ დაარსებული ფოტოსახელოსნო და ლაბორატორია აღადგინოს და მისი სახელი მიანიჭოს. ამ იდეის განხორციელებაზე მოყვარული ფოტოგრაფი და მუზეუმის თანამშრომელი და მკვლევარი მიხეილ ჩხიკვაძე ზრუნავს. ის აბრეშუმის მუზეუმში ხუთი წლის წინ აღმოჩნდა და, როგორც გაგვიმხილა, სხვენში მიტოვებული ფოტოსახელოსნოს დანახვისთანავე მიხვდა, რომ ეს სწორედ ის საქმე იყო, რომელიც მას უნდა გაეგრძელებინა. მიხეილ ჩხიკვაძე ფიქრობს, რომ ფოტოგადაღებისას გამოიყენებს სწორედ იმ ტექნიკას, რასაც კონსტანტინე ზანისი იყენებდა - სველკოლოდიურ ტექნიკას, რომლის დროსაც მიიღება შუშის ნეგატივი - ამბროტიპია.

„ეს მეთოდი იძლევა ძალიან მაღალხარისხიან გამოსახულებას. არის უზარმაზარი ზომის ნეგატივები. უფრო დიდი ინფორმაციის მატარებელია, ვიდრე ნებისმიერი ციფრული ფოტოაპარატის ვიზუალური გამოსახულება და კიდევ უფრო ინფორმაციულია, ვიდრე ფირი. ეს უფრო სალონური ტექნიკაა, რომელიც თავისი არომატებით და პროცესით იმდენად შთამბეჭდავია, რომ თანამედროვე მსოფლიოში, ევროპასა და ამერიკაში ამ ტექნიკით ფოტოგრაფირებას აქტიურად მისდევენ“, - ამბობს მიხეილ ჩხიკვაძე.

გარდა საინტერესო გამოფენებისა, დღეს აბრეშუმის მუზეუმი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. მათ შორისაა პროგრამები სკოლის მოსწავლეებისათვის, ასევე მხატვრებისთვის. მუზეუმის სივრცეში მისულ დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს სხვადასხვა ჯიშის თუთის ჰერბარიუმები, აბრეშუმხვევია ჭიის ბიოლოგიის ამსახველი სხვადასხვა სახის ექსპონატები, პეპლების კოლექცია და სხვა. გარდა ამისა, ყოველი წლის მაის–ივნისში მუზეუმს ჰყავს მცირე რაოდენობის აბრეშუმის ჭია, რომლის ნახვაც ნებისმიერ დამთვალიერებელს შეუძლია. სურვილის შემთხვევაში ვიზიტორებს საშუალება აქვთ გამოკვებონ ჭიები და დააკვირდნენ მათი განვითარების სხვადასხვა ეტაპს.

მიუხედავად იმისა, რომ აბრეშუმის წარმოება საქართველოში საუკუნეების მანძილზე მომგებიან საქმედ ითვლებოდა და საბჭოთა კავშირის დროსაც საქართველოს მოწინავე მეაბრეშუმეები ჰყავდა და კოლმეურნეობები პარკის დამზადების წლიურ გეგმას გადაჭარბებით ასრულებდნენ, დღეს, შეიძლება ითქვას,ერთადერთი ადგილი, სადაც აბრეშუმის წარმოების შესახებ შეიძლება მოიძიო ინფორმაცია, მხოლოდ აბრეშუმის მუზეუმია. ხომ არ გეგმავთ აბრეშუმის წარმოების აღდგენას? ვეკითხებით ნინო კუპრავას. მისი თქმით, შესაძლოა, უახლოეს რამდენიმე თვეში მუზეუმის კედლებში აბრეშუმის ქსოვილის დამზადება დაიწყოს, რასაც პირველ ეტაპზე სუვენირების სახე მიეცემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG