Accessibility links

logo-print

„ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა რამადიში დაიპყრეს სამთავრობო კომპლექსი


ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა თავიანთი შავი დროშა აღმართეს დასავლეთში მდებარე ანბარის პროვინციის დედაქალაქ რამადიში, სამთავრობო კომპლექსის თავზე. ექსტრემისტებმა 15 მაისს დილით ადრე მოწყობილ თავდასხმაში ექვსი დანაღმული მანქანა გამოიყენეს, რომლებსაც თვითმკვლელი მოიერიშეები მართავდნენ. თავდასხმა მოხდა ქალაქის ცენტრში, სადაც პოლიციის მთავარი შტაბ-ბინა და გუბერნატორის ოფისია განთავსებული. რამადის მერის, დალაფ ალ-ქუბაისის ცნობით, ექსტრემისტებმა ქალაქის სხვა ნაწილებიც დაიპყრეს, შეტაკებებში დაიღუპა სულ მცირე 10 პოლიციელი. არის ცნობები სიკვდილით დასჯის შემთხვევებზეც. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა 2014 წლის ივნისში მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიპყრეს ერაყის დასავლეთსა და ჩრდილოეთში. ისინი უკვე თვეების განმავლობაში ებრძვიან მთავრობის ძალებს, მთელ ანბარის პროვინციაზე კონტროლის დამყარების მიზნით. რამადი, რომელიც ბაღდადიდან 110-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ამ დრომდე დიდწილად მთავრობის კონტროლის ქვეშ იყო, ექსტრემისტებს კი შემოგარენის ნაწილი ჰქონდათ დაპყრობილი.

XS
SM
MD
LG