Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსტონის მარათონზე ტერაქტის მოწყობაში მსჯავრდებულს სიკვდილი მიესაჯა


აშშ-ში სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა ჯოხარ ცარნაევს, რომელიც ბოსტონის მარათონზე ტერაქტის მოწყობაშია მსჯავრდებული. 12 წევრისგან შემდგარმა სასამართლომ გადაწყვეტილება 15 მაისს მიიღო, განხილვის მესამე დღეს. მსაჯულებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი 21 წლის ცარნაევისთვის სასიკვდილო განაჩენის შეფარდებას. სხვა შემთხვევაში მას ავტომატურად მიუსჯიდნენ სამუდამო პატიმრობას, შეწყალების უფლების გარეშე. სამი ადამიანი დაიღუპა და 260-ზე მეტი დაიჭრა აფეთქების შედეგად 2013 წლის 15 აპრილს ბოსტონის მარათონის ფინიშის ხაზთან.ცარნაევის დაცვა ცდილობდა მისი სიცოცხლე გადაერჩინა დანაშაულზე პასუხისმგებლობის უდიდესი წილის მისი უფროსი ძმისთვის, რადიკალი ტამერლანისთვის დაკისრებით. პროკურორები კი აცხადებდნენ, რომ განსასჯელს სურდა რაც შეიძლება დიდი ფიზიკური ტკივილი მიეყენებინა მსხვერპლთათვის პოლიტიკური განაცხადის გაკეთების მიზნით და არანაირ სინანულს არ გამოხატავდა ნამოქმედარის გამო. სავარაუდოდ, საქმე ახლა აპელაციის რამდენიმე ფაზას გაივლის, რასაც წლები დასჭირდება. სიკვდილის დასჯის აქტი სასიკვდილო ნემსით უნდა განხორციელდეს.

XS
SM
MD
LG