Accessibility links

logo-print

რიგის სამიტზე პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას


„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე, რომელიც 21-22 მაისს რიგაში გაიმართება, საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, რომ რიგის სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ხელმძღვანელებს შეხვდება. რიგაში გაიმართება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციაც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი. კონფერენციას დაესწრება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი. რაც შეეხება რიგის სამიტისადმი საქართველოს მოლოდინს, დავით კერესლიძის განცხადებით, როცა კარგად მუშაობ და წარმატებები გაქვს, ბუნებრივია, მაქსიმუმს ელოდები. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაციის საბოლოო შინაარსი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თბილისს იმედი აქვს, რომ საქართველოს ძალისხმევა დადებითად შეფასდება და ევროკავშირის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოსადმი მხარდაჭერას და კმაყოფილებას უკვე განხორციელებული რეფორმების მიმართ.

XS
SM
MD
LG