Accessibility links

logo-print

ბათუმში ნაციონალური მოძრაობისა და „თავისუფალი ზონის“ სამი წევრი დააკავეს


პოლიციამ ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონთან" დააკავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ სამი წევრი, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად ცდილობდნენ სასტუმროსთან მიახლოებას. დღეს ბათუმში გაიმართა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონის“ გახსნის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. ბათუმში მისი სტუმრობის გამო ნაციონალური მოძრაობის და „თავისუფალი ზონის“ ადგილობრივი წარმომადგენლები შეიკრიბნენ საპროტესტო აქციაზე და საქართველოს მთავრობა წინა ხელისუფლების მმართველობისას დაწყებული პროექტების შეჩერებაში დაადანაშაულეს. აქციის სამი მონაწილის დაკავებას მათი თანამოაზრეები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. რაც შეეხება „ჰილტონში“ გამართულ ცერემონიას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ ბრენდის სასტუმროს გახსნა საქართველოს მიმართ ინვესტორთა ნდობის გაზრდის დასტურია. პრემიერის თქმით, ბათუმში, რომელიც უდიდესი პოტენციალის ქალაქია, წელს კიდევ რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა იგეგმება. „ზოგადად, მთლიანად აჭარას აქვს პოტენციალი იმისა, რომ გახდეს საქართველოს ყველაზე წარმატებული რეგიონი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG