Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარეობს საქართველოსა და ავსტრიის ბიზნესფორუმი


თბილისში მიმდინარეობს საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი, რომლის მონაწილე ავსტრიელი ბიზნესმენების მიზანია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესწავლა და სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების დამყარება. ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს სექტორული პრეზენტაციები და ავსტრიელი და ქართველი ბიზნესმენების პირისპირ შეხვედრები. ბიზნესფორუმის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ფორუმზე გამოსვლისას ჰაინც ფიშერმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა საქართველოს და ევროპის სამხრეთში მდებარე სხვა ქვეყნებს უქმნის ბევრ ეკონომიკურ და პოლიტიკურ შესაძლებლობას. ჰაინც ფიშერმა აღნიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაზრდილია საქართველო-ავსტრიის სავაჭრო ურთიერთობა, თუმცა, არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეს საკმარისი არ არის. „მივმართავ ბიზნესსაზოგადოებას და ხელისუფლებას, რომ უფრო გავაქტიურდეთ, რადგან თანამშრომლობის გაძლიერება ორივე მხარეს მხოლოდ სარგებელს მოუტანს“, - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ხიდია ევროპასა და აზიას შორის და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, უნიკალური ადგილმდებარეობა აქვს. პრემიერმა ავსტრიელ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო და განაცხადა, რომ მათ საქართველო სთავაზობს უნიკალურ და სრულიად თავისუფალ ბიზნესგარემოს.

XS
SM
MD
LG