Accessibility links

logo-print

დასრულდა საქართველოში ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტი


დასრულდა საქართველოში ავსტრიის პრეზიდენტის, ჰაინც ფიშერის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი. 19 მაისს ფიშერი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერს, ილია მეორეს. მანვე ყვავილებით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი. საქართველოში ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტის ფონზე, თბილისში გაიმართა საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი. მისი მონაწილე ავსტრიელი ბიზნესმენების მიზანია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესწავლა და სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების დამყარება. ბიზნეს-ფორუმის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს ჰაინც ფიშერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა. ფიშერის განცხადებით, ევროკავშირთან ურთიერთობა საქართველოს და ევროპის სამხრეთში მდებარე სხვა ქვეყნებს უქმნის ბევრ ეკონომიკურ და პოლიტიკურ შესაძლებლობას. ჰაინც ფიშერმა აღნიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაზრდილია საქართველო-ავსტრიის სავაჭრო ურთიერთობა, თუმცა არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე ეს საკმარისი არ არის. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ქვეყნისათვის მთავარია სტაბილურობა. "ჩვენ ვართ პრაგმატული, კონსტრუქციული ხელისუფლება, რომელსაც სურს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ყველასთან, მათ შორის რუსეთთან. თუმცა მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, 20% რჩება ოკუპაციის ქვეშ. მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას. თუმცა, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები ვაქციეთ ცალკე განხილვის საგნად და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს პროგრესი", განაცხადა ღარიბაშვილმა საქართველო-ავსტრიის ბიზნეს-ფორუმზე.

XS
SM
MD
LG