Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტრო პოროშენკო - შეიარაღებული ფორმირებები ზაფხულში მორიგი იერიშისთვის ემზადებიან


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „ბი-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა იმყოფება რუსეთთან ნამდვილი ომის მდგომარეობაში. პეტრო პოროშენკომ კიდევ ერთხელ ილაპარაკა უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის ორი მოქალაქის დაკავებაზე. უკრაინის მტკიცებით, ისინი რუსეთის სპეცრაზმის წევრები არიან. მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში რამე სახით მონაწილეობას. წინა დღით რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ ლუგანსკის ოლქში შეპყრობილი ორი პირი დაკავების მომენტში აღარ ირიცხებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში. პოროშენკოს სიტყვებით, უკრაინის აღმოსავლეთში მყოფი პრორუსულად განწყობილი შეიარაღებული ფორმირებები მიმდინარე ზაფხულს მორიგი იერიშისთვის ემზადებიან. „ბი-ბი-სის“ შეკითხვაზე - ენდობა, თუ არა პოროშენკო პუტინს, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა „არა“. ამასთან, პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ მას არ აქვს სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკებები აწარმოოს მოსკოვთან. პოროშენკოს ეეჭვება, რომ უკრაინა სამხედრო გზით შეძლებს ტერიტორიის დაბრუნებას. უკრაინის პრეზიდენტმა „ბი-ბი-სის“ აგრეთვე განუცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მას თვითმფრინავიდან დაურეკა სოჭში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ და რომ ჯონ კერის ინფორმაციამ ის „სავსებით დააკმაყოფილა“.

XS
SM
MD
LG