Accessibility links

ტუსკი: საქართველოს, მოლდავეთს და უკრაინას აქვთ უფლება ჰქონდეთ „ევროპული ოცნება“


ევროპის კავშირის კომისიის პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, საქართველოს, მოლდავეთს და უკრაინას აქვთ უფლება მიისწრაფოდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, თუმცა ის არ აპირებს ამგვარი ინტეგრაციის შესახებ „ცარიელი დაპირებებით“ გამოსვლას. რიგაში 21-22 მაისის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის წინ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ტუსკმა აღნიშნა, რომ პარტნიორობის პროგრამა არასოდეს წარმოადგენდა ევროკავშირში გაწევრიანების გარანტიას, თუნდაც მომავალში - მაგრამ კიევს, თბილისსა და კიშინიოვს „აქვთ უფლება ჰქონდეთ ოცნება, მათ შორის ევროპული ოცნება“. ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა ყოყმანით ეკიდება რიგის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში აღინიშნოს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული რამდენიმე ქვეყნის სურვილი გაწევრიანდეს ევროკავშირში. ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვას, შეძლებენ თუ არა საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობას 2016 წელს, დონალდ ტუსკმა ასევ უპასუხა: „ყველაფერი დამოკიდებულია მათ მცდელობაზე და მიზანსწრაფულობაზე. ცხადია, ეს შესაძლებელია - მაგრამ ეს არ არის ოფიციალური დაპირება. ჩვენ პროცესის შუა ფაზაში ვართ. მაგრამ პროგრესი, რომელსაც ორივე ქვეყანამ, საქართველომაც და უკრაინამაც მიაღწია, იმედისმომცემია. დღეს შემიძლია ის გითხრათ, რომ შემდეგ შემოწმებას ალბათ ნოემბერში ჩავატარებთ და თუ პროგრესი დღევანდელივით იმედისმომცემი იქნება, ვფიქრობ, [სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია] 2016 წელს საკმაოდ რეალისტური იქნება.“

XS
SM
MD
LG