Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხამენეი გამორიცხავს მეცნიერთა გასაუბრებას ბირთვული სფეროს ინსპექტორებთან


ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი გამორიცხავს ბირთვული სფეროს საერთაშორისო ინსპექტორების დაშვებას სამხედრო ობიექტებზე, ან მათ მიერ ინტერვიუების ჩაწერას მეცნიერებთან. სახელმწიფო მედია ავრცელებს ხამენეის სიტყვებს - რომ ირანი არ დათანხმდება „აზრს მოკლებულ მოთხოვნებს“ მისი ბირთვული პროგრამის შესახებ გამართული მოლაპარაკებების პროცესში. „ჩვენ არ დავუშვებთ უცხოელების მიერ სამხედრო ობიექტების შემოწმებასო“, განაცხადა მან და დასძინა - „მე უცხოელებს უფლებას არ მივცემ ჩამოვიდნენ და [ბირთვული სფეროს] მეცნიერებსგაესაუბრონო.“ ხამენეის განცხადებების ფონია ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის, აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის მოლაპარაკება შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებს თეირანის მიერ მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. მხარეებს საბოლოო შეთანხმების მიღწევის ვადად 30 ივნისი აქვთ დაწესებული. დასავლეთს სურს შეზღუდოს თეირანის პროგრამა, რომელიც შესაძლოა სამხედრო მიზნებით გამოიყენონ. თეირანი უარყოფს ბრალდებას, რომ ის ბირთვულ იარაღზე მუშაობს.

XS
SM
MD
LG