Accessibility links

logo-print

სტამბოლში იმყოფებიან ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების მონაწილეები


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად სტამბოლში იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მისი მოადგილე გოგი ფაცაცია. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და დაღუპულთა გადმოსვენების საკითხებზე ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით მიმდინარეობს, 25 მაისს დასრულდება. წითელი ჯვრის ეგიდით 2010 წელს შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და დაღუპულთა გადმოსვენების საკითხებს შეისწავლის. დღემდე გაიმართა შვიდი შეხვედრა, რომლებსაც წინ უძღოდა როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე 10-ზე მეტი სამარხის იდენტიფიცირება. მოლაპარაკების შედეგად, შარშან გაზაფხულზე გაიხსნა ბაბუშერის სამარხი, საიდანაც თბილისში გადმოასვენეს 30 დაღუპულის ნეშტი. 10 მათგანი უკვე იდენტიფიცირებულია. ვასილ და ნუკრი წიკლაურები, თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები, გიორგი ჩარგეიშვილი, მალხაზ ფირანიშვილი, ზურაბ მელიშიანი, რუსუდან ჩხეტიანი და კახა აბულიძე დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

XS
SM
MD
LG